საქართველოს კონფლიქტების მოგვარების ინიციატივები, კონცეფციები

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარების კონცეფციათა პროექტებს.

წლების მანძილზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მუშაობდნენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით და სთავაზობდნენ დაინტერესებულ ინსტიტუციებსა და ხელისუფლებას, ფართო საზოგადოებას, ემსჯელათ და განეხორციელებინათ კონკრეტული ნაბიჯები კონფლიქტების მოწესრიგებისა და მათი მოგვარების გზაზე.

მიგვაჩნია, რომ ამ შრომათა ერთიანი ჩამონათვალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, მათ შორის, ქართული მხარის დაუღალავ შრომას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის, მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად.

განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ იმ ადამიანთა მიმართ, ვინც გამოგვეხმაურა და მოგვაწოდა დოკუმენტები და დამატებითი მასალა.

დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის!

დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისთვის წინასწარ მადლობას მოგახსენებთ.

გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:

ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ.) კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი /თვე, თარიღი, წელი/ http://iccn.ge/index.php?article_id=291&clang=1 საქართველოს კონფლიქტების მოგვარების ინიციატივებისა და კონცეფციების არქივი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) .

ხელმისაწვდომი დოკუმენტების ქრონოლოგია:

2018 - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, სამშვიდობო ინიციატივა - ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ; საქართველოს მთავრობა.

2018 - საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი (ანალიზი 1990-იანი წლებიდან 2016 წლამდე); კავკასიური სახლი;

2017 - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ხედვა "საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 8 მთავარი ამოცანა", ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

2017 - "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის", ეკატერინე გამახარია, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“. 2017 წ. 7 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოების, სახელმწიფო სტრუქტურების, ომბუდსმენის აპარატისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით ფონდი „სოხუმის“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომის საზოგადოების ფართო წრეებისთვის გაცნობისა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის მიზნით დისკუსიები ჩატარდა (ინფორმაცია მოგვაწოდა ქ-მა ალლა გამახარიამ, თამვჯდომარე, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, თებერვალი, 2019).

2015 - საქართველოს ვალდებულებები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მოსახლე ადამიანების უფლებათა ჭრილში; ნინო ციხისთავი-ხუციშვილი, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი;

კონცეფციის განხილვა მოხდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე 2015 წლის 28 სექტემბერს. იხ.სხდომის ოქმი.

2014 - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ხედვა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებზე, პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

მოგვიანებით, 2018 წლის 18 ივნისს "ჯემნიუსში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ბ-ნ პაატა ზაქარეიშვილთან: "ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების თაობაზე საკუთარ ხედვას აქვეყნებს".

(მასალა მოგვაწოდა ბ-მა პაატა ზაქარეიშვილმა, თებერვალი, 2019 წ.)

2011 - საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი სტატუსი: წარსული, აწმყო, მომავალი, ნიკა ჩიტაძე. კონცეფციის დოკუმენტის წარდგენა მოხდა საერთაშორისო კონფერენციაზე: “სახელმწიფოსა და სამართლის ძირითადი პრინციპები”. კონფერენცია ჩატარდა თბილისში, 2011 წლის 10 ივნისს. კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ). (მასალა მოგვაწოდა პროფ. ნიკა ჩიტაძემ, საერთაშორისო კვლევების ცენტრი, თებერვალი, 2019 წ.)

2011 - საქართველოს კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადაში მიღწევის გეგმა; ამერიკის პროგრესის ცენტრი; ანგარიშის ქართული თარგმანი მომზადდა და გამოიცა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (თბილისი, საქართველო) მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

2011 - საქართველოში კონფლიქტზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე ფართო და ინფორმირებული დიალოგი წარმომადგენლობით ჯგუფებსა და ფართო საზოგადოებას შორის სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, უსაფრთხო მსოფლიო (Saferworld).

2010 - "ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა", საქართველოს მთავრობა;

2010 - "ჩართულობა თანამშრომლობის გზით", სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, საქართველოს მთავრობა;

2008 - სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის 6-პუნქტიანი გეგმა

2008 - შტაინმაიერის მშვიდობის გეგმა; ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

2007 - შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ხელშეწყობა, პაატა ზაქარეიშვილი, ვახტანგ ყოლბაია;

პუბლიკაცია: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო : დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი; ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", ფონდის "ქორდეიდი" წარმომადგენლობა საქ-ში;

2006 - შავი ზღვის კომისია კონფლიქტებზე: "შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის 2 სარტყელი", კონცეფცია, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტი და შავი ზღვის კომისია კონფლიქტებზე. პუბლიკაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გამოიცა. (დოკუმენტი მოგვაწოდა ქ-მა ია თიკანაძემ, დირექტორი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა, მარტი, 2019 წ.)

2006 - აფხაზთა სამშვიდობო გეგმა ”მომავლის გასაღები”, სერგეი შამბა. 2006 წლის 15 მაისს თბილისში, გაეროს ოფისში, 5-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა შედგა. საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდა აფხაზთა დელეგაცია. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი შამბამ ”მომავლის გასაღები” წარმოადგინა და ქართულ მხარეს გადასცა.

2005 - ქართულ ოსური კონფლიქტის მიზეზების, დინამიკის, გადაწყვეტის გზების ძიებისა და სავარაუდო მიმართულებების შესახებ, ავტორთა ჯგუფი: პაატა ზაქარეიშვილი, რევაზ ჯორბენაძე, თინათინ ხიდაშელი, კონსტანტინე კუბლაშვილი, ივლიანე ხაინდრავა, გიორგი გოგია, თენგიზ შერგელაშვილი, მიხეილ მირზიაშვილი, ლია ტოკლიკიშვილი, ხათუნა მაისაშვილი, დავით დარჩიაშვილი. ნაშრომის განსახილველად მოეწყო შეხვედრა 2005 წლის 3 აგვისტოს. დისკუსიის ანგარიში ნაშრომს თან ერთვის. ნაშრომის ნაბეჭდი ვერსიები ხელმისაწვდომია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ბიბლიოთეკაში ქართულ და რუსულ ენებზე: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” სერია №1, ფღსს სერია – ანგარიშები, ანალიზი, რეკომენდაციები. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა მიხეილ მირზიაშვილმა, თავმჯდომარე, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, თებერვალი, 2019 წ.)

2005 - სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივა.

2005, აპრილი-ნოემბერი - აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშეწყობა ეკონომიკური ფაქტორების გამოყენებით; ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, დავით ბაქრაძე, დავით კირვალიძე, ზურაბ მარაქველიძე, დავით უსუფაშვილი, მიხეილ ჯიბუტი. Global Conflict Prevention Pull;

2005, იანვარი - 5 ნაბიჯი კონფლიქტების მოგვარებისკენ; ნინო ციხისთავი-ხუციშვილი, კავკასიის ქალთა კვლევითი და საკონსულტაციო ქსელი (CWN). დოკუმენტში განხილულია იმის აუცილებლობა, რომ სახელმწიფო სამშვიდობო ფონდი შეიქმნას და სახელმწიფო ბიუჯეტში სპეციალური სახსრები ყოველწლიურად აკუმულირდეს სამშვიდობო პროგრამების უზრუნველსაყოფად.

გაზეთი 24 საათი, 31 იანვარი, N21(881), 2005

2004 - აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების კონცეფცია. სრულიად საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თანხმობის დარბაზი. კონცეფციის ავტორებმა დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში შეიტანეს 2004 წლის 29 აპრილს. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

2004, ივნისი - ყაზბეგის დეკლარაცია

ყაზბეგის დეკლარაცია მიღებულია 2004 წლის 28 ივნისს. შეხვედრის თანა-ინიციატორი, ორგანიზატორი და დეკლარაციის სამუშაო ტექსტის ავტორი იყო ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტი (HCA Georgian National Committee). დოკუმენტები გამოქვეყნდა პუბლიკაციაში: ფსევდოკონფლიქტები და კვაზიმშვიდობისმშენებლობა კავკასიაში, 2009 წელს.

ყაზბეგის დეკლარაცია, PDF

7 ნაბიჯი - სამშვიდობო პროცესების ეფექტიანი ტრანსფორმაციის ძირითადი პრინციპები აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების მოგვარებისთვის, PDF

აფხაზეთის კონფლიქტის ხუთსართულიანი მოდელი, PDF

(მასალა მოგვაწოდა პროფ. ალექსანდრე რუსეცკიმ, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტი, თებერვალი, 2019 წ.)

2004 - კონცეფცია საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ; ექსპერტთა ჯგუფი: კონსტანტინე კუბლაშვილი, არჩილ გეგეშიძე, ივლიანე ხაინდრავა, პაატა ზაქარეიშვილი. კონცეფცია გამოქვეყნდა 30 ივნისს. გაზეთი 24 საათი, 30 ივნისი, 2004 წელი, #153 (702)

კონცეფციამ გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, გაიმართა დისკუსიები გაზეთი 24 საათი,12 იანვარი, 2005 წელი, #5 (865). მოგვიანებით, 2007 წელს გამოქვეყნდა წიგნი - "პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე, საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კონცეფციასთან დაკავშირებით". რედაქტორები: ნინო კალანდარიშვილი, ლორენს ბროუერსი, პაატა ზაქარეიშვილი. წიგნი კითხვა-პასუხის ფორმატში შეიცავს გარკვეულ განმარტებებს გაზეთში გამოქვეყნებული კონცეფციის თაობაზე.

(კონცეფცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, აგრეთვე, "პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე" წიგნის ელ.ვერსია მოგვაწოდა ბ-მა პაატა ზაქარეიშვილმა, თებერვალი, 2019 წ.)

2003 - აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების კონცეფცია, ალექსანდრე რუსეცკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტი, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა. პროექტი შემუშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე ეროვნული სტრატეგიის კორექტირებისათვის. 1993 წლის 1 იანვარი. პროექტი შემდგომში ითარგმნა რუსულ ენაზე. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

2002 წლის 1 სექტემბერი - აფხაზეთი და საქართველო - რთული არჩევანი და ქმედითი ზომები მშვიდობის მისაღწევად. ინალ კაზანი, აფხაზური ალიანსი, აფხაზთა უმრავლესობის ხმა.

2002 წლის 1 მარტი - "ღია წერილი აფხაზ ერს". ინალ კაზანი, კოალიცია დამოუკიდებელი აფხაზეთისთვის, აფხაზეთი ჩვენი სამშობლოა.

2003 წელს ბ-მა ინალ კაზანმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. "ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს" დაიბეჭდა გაზეთში "24 საათი". 24 სექტემბერი, 2003 #254(466).

(მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

2001 - ,,უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები თბილისსა და სოხუმს შორის”, საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დიტერ ბოდენის მიერ გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით შემუშავებული დოკუმენტი. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა თამაზ დიასამიძემ, რეგიონალიზმის კვლევის ცენტრი, აპრილი, 2017 წ.)

2000 - საქართველოს ფედერალიზაციის პერსპექტივები: Pro et Contra; ვ. კეშელავა, ვ. ლორთქიფანიძე, ფ. კალანდარიშვილი; აღმ.-დას. ურთ. კვლევის საერთ. ცენტრი, საქ. მეცნ. აკად. პოლიტოლოგიის ინ-ტი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი;

1999 - წინადადებები აფხაზეთის სტატუსის შესახებ: ზოგადი დებულებები. გიორგი ხუბუა. სრული დოკუმენტის წარდგენა მოხდა საერთაშორისო კონფერენციაზე: „მშვიდობიანი კავკასიისა და ევრაზიის დერეფანი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ინტეგრაციის გზები“. კონფერენცია ჩატარდა თბილისში, 1999 წლის სექტემბერში. კონფერენციის მასალები 2000 წელს გამოქვეყნდა წიგნში: საქართველოს ფედერალიზაციის პერსპექტივები: Pro et Contra; ვ. კეშელავა, ვ. ლორთქიფანიძე, ფ. კალანდარიშვილი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი; (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

1999 - საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის ძირითადი პრინციპები ახალი სახელმწიფო მოწყობის განსაზღვრისათვის. პროექტის ავტორი ლევან ალექსიძე. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

1999 - საქართველო და აფხაზეთი: წინადადებები კონსტიტუციურ მოდელებზე, ვიაჩესლავ ჩირიკბა.

კონცეფცია გამოქვეყნდა წიგნში „ფედერალური პრაქტიკა: საქართველოსა და აფხაზეთისთვის ალტერნატივების მიმოხილვა“. რედ.: ბრუნო კოპიტიერსი, დავით დარჩიაშვილი, ნათელა აკაბა. "ვეს მირ", მოსკოვი, 1999.

1999 - ზოგიერთი მოსაზრება ქართულ-აფხაზური ფედერაციული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის საკითხზე, გოჩა ლორთქიფანიძე.

გამოქვეყნდა წიგნში „ფედერალური პრაქტიკა: საქართველოსა და აფხაზეთისთვის ალტერნატივების მიმოხილვა“. რედ.: ბრუნო კოპიტიერსი, დავით დარჩიაშვილი, ნათელა აკაბა. "ვეს მირ", მოსკოვი, 1999.

1999 - ქვეყნის ფედერაციული მოწყობა: ინფორმაცია განსჯისათვის, ვიქტორ ლორთქიფანიძე. ავტორი თავის წიგნში მკვეთრად ილაშქრებს საქართველოს უნიტარისტული შეხედულებების წინააღმდეგ და უპირატესობას ანიჭებს ქვეყნის ფედერაციულ მოწყობას, ვინაიდან ამას, ავტორის აზრით, ალტერნატივა არ გააჩნია.

1999 - ნალჩიკის დეკლარაცია

1999 წლის 17-23 მაისს ქალაქ ნალჩიკში ჩატარდა კავკასიის ექს-კომბატანტთა (ყოფილ მეომართა) პირველი შეხვედრა, სადაც ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ქართველი, აფხაზი, ოსი, ჩეჩენი, სომეხი,
აზერბაჯანელი, რუსი, ინგუში, ყაბარდოელი და ბალყარელი ყოფილი მეომრები. ამ შეხვედრაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელშიც ექს-კომბატანტები მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენისაკენ მოუწოდებენ კავკასიის ხალხებს. ნალჩიკის შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა ყარაჩაევო-ჩერქეზეთის ხალხებს.

ნალჩიკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ინტერვიუები გამოქვეყნდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ყოველთვიურ ბიულეტენში "კონფლიქტის ალტერნატივა" #9-10 ივლისი-აგვისტო, 1999. ნალჩიკის შეხვედრა, აგრეთვე, გაშუქდა გაზეთში Аҧсны.

1998 - იალბუზის დეკლარაცია.

1998 წლის 19-25 ივლისს, ქ. ნალჩიკში (ჩრდილოეთ კავკასია) ჩატარდა სემინარი თემაზე: "არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ფორუმის შენება ძალადობრივი კონფლიქტების თავიდან არიდებასა და მოგვარებაში მათი როლისა და მონაწილეობის გააქტიურების მიზნით". ეს სემინარი წარმოადგენდა სოჭის აპრილის შეხვედრის გაგრძელებას. ფორუმს ხელი უნდა შეეწყო, როგორც კავშირების განვითარების, ისე ნდობის შენებისათვის კავკასიის ხალხებს შორის. ექვსდღიანი მუშაობის შემდეგ კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკის 40-მა წარმომადგენელმა შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმებას მიაღწია. მონაწილეებმა მიიღეს ცნობილი "იალბუზის დეკლარაცია". შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციათა ახალი გაერთიანება – კავკასიური ფორუმი. "რას მოგვიტანს იალბუზის დეკლარაცია?", ინტერვიუ გიორგი ხუციშვილთან გაზეთში "ახალი 7 დღე", 31 ივლისი, 1998 წელი.

1998 - შეცდომა, რომლის მსხვერპლიც საზოგადოების დიდი ნაწილი გახდა: ქართულ-აფხაზური პრობლემა, გიორგი ხუციშვილი. პრობლემის გადაწყვეტის სცენარი პირველად გამოქვეყნდა გაზეთში "კავკასიონი", 1998 წლის 27 აპრილს . რუსულ ენაზე პრობლემის გადაწყვეტის სცენარი გამოქვენყბდა გაზეთში "ობშეკავკაზსკაია გაზეტა" 1998 წლის 28 ოქტომბერს. მოგვიანებით, ქართული და რუსულენოვანი დოკუმენტები გამოქვეყნდა წიგნებში: გიორგი ხუციშვილი: როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები (1991-2005), წიგნი I (ქართული, 150-157 გვ.) და წიგნი III (რუსული, 84-89 გვ.), კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, თბილისი, 2016.

1997 - კონფლიქტი აფხაზეთში და მისი მოგვარების შესაძლო გზა: ერთიანობა განცალკევების მეშვეობით, რესპუბლიკური პარტიის კონცეფცია. იდეის ავტორები: დავით ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა. 1997 წლის 5 აგვისტოს კონცეფცია გამოქვეყნდა გაზეთში "რეზონანსი". (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

1997 - გავიყოთ აფხაზეთი შუაზე, რამაზ კლიმიაშვილი. პოზიცია გამოქვეყნდა გაზეთში "ჯორჯიან თაიმსი", 24-27 იანვარი, 1997 წელი. #5.1997. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

1996 - აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, პროექტი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

1995 - აფხაზეთის სტატუსი. ვახტანგ თორდია. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

1993 - აფხაზეთის საკითხის მოწესრიგების პრინციპები: 1918 წელი. საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივი. დოკუმენტი გამოქვეყნდა გაზეთში "სვობოდნაია გრუზია", 9 თებერვალი, 1993 წელი. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

1993 - საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ პროექტი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია. იდეის ავტორები: დავით ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა. 1993 წლის 19 თებერვალს კანონპროექტი გამოქვეყნდა გაზეთში "საქართველო". (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

1992 - შეთანხმება აფხაზეთის რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკის შორის ურთიერთობათა საფუძვლებზე. ტარას შამბა. დოკუმენტი გამოქვეყნდა გაზეთში "აფხაზეთი", #23, ივნისი, 1992 წელი. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

1992 - საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის სახელმწიფო-სამართლებრივი წყობის შესახებ პროექტი. ნაპოლეონ მესხია, ჯემალ გამახარია, აკაკი გასვიანი, კიმ ჯაჭვლიანი. პროექტი გამოქვეყნდა გაზეთში "საქართველოს რესპუბლიკა", #245(524), 1 დეკემბერი, 1992 წელი. კონცეფციის პროექტი რუსულ ენაზე გამოქვეყნდა გაზეთში "სვობოდნაია გრუზია", 3 მარტი, 1993 წელი. (მასალა მოგვაწოდა ბ-მა ივლიანე ხაინდრავამ, თებერვალი, 2019 წ.)

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

25+ მშვიდობის მშენებლობაში

25+ in peacebuilding

25+ в миростроительстве