სამშვიდობო განათლება
კონფლიქტების მოგვარება
ტოლერანტობა, გენდერი და მრავალფეროვნება
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის საგანმანათლებლო სატრენინგო პროგრამები:
კონფლიქტების მართვა, მშვიდობის მშენებლობა, გენდერული თნასწორობა, მრავალფეროვნება, ტოლერანტული გარემო
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც დღიდან მისი დაარსებისა (8 აგვისტო, 1994 წ.), მუშაობს კონფლიქტების მოგვარებაზე, როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული და საგანმანათლებლო კუთხით.
კონფლიქტის ანალიზი, ტრანსფორმაციისა და არაძალადობრივი მოგვარების გზების ძიება, სახალხო დიპლომატია, კონფლიქტებისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სამშვიდობო მიდგომების დანერგვა და მათი მხარდაჭერის მოპოვება საზოგადოებაში – ზოგადი ჩამონათვალია, რომელიც დაახლოებით აღწერს ჩვენი ცენტრის მიერ 20-ზე მეტი წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით.
სამშვიდობო განათლების მიმართულებით ცენტრმა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში განახორციელა ტრენინგების პროგრამები, რომელთა მონაწილეები 15,000–ზე მეტს ითვლის.
საგანმანათლებლო ტრენინგების პროგრამები კონფლიქტებსა და მშვიდობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან თემას მოიცავს: კონფლიქტის არსი, მისი ბუნება, კონფლიქტის მონაწილე მხარეები, კონფლიქტის ტიპები და წყაროები, დინამიკა, კონფლიქტის მოგვარებისა და ტრანსფორმაციის საკითხები, კონფლიქტთან დაკავშირებული ემოციები და მათი მართვა, კულტურა და კონფლიქტი, კონფლიქტის გენდერული ასპექტები, მშვიდობისმშენებლობა, ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. ტრენინგთა პროგრამა მოიცავს როგორც კონფლიქტის თეორიული მხარეს, ისე საინტერესო და თვალსაჩინო მაგალითებს საქართველოს სინამდვილიდან, მონაწილეს აცნობს კონფლიქტის ანალიზის სხვადასხვა მეთოდს, აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის, მრავალფეროვნების, გენდერული თანასწორობის როლი კონფლიქტებში, როგორც მათი წარმოშობისა და გაღრმავების, ისე მოგვარების თვალსაზრისით.
1994 - 2018 წლებში, ცენტრის ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით განხორციელდა მრავალი საგანმანათლებლო პროგრამა. გასული წლების მანძილზე ჩვენი ცენტრის ტრენინგები ათასობით ადამიანმა გაიარა. მათი უმრავლესობა ის ხალხია, ვისაც უშუალო შეხება აქვს არსებულ კონფლიქტებთან საქართველოში (დევნილები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციათა, ძალოვანი სტრუქტურების, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები, ქალები, ახალგაზრდები, პოლიტიკურ პარტიათა ახალგაზრდა ლიდერები, სხვა ინტერესთა ჯგუფები).
სატრენინგო მოდულები და პროგრამები კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის საგანმანათლებლო ტრენინგ-პროგრამების ფარგლებშია შექმნილი და ადაპტირებული. ცენტრის საგანმანათლებლო ტრენინგების პროგრამების მომზადებაზე, თეორიული მასალის სატრენინგო ფორმაში ადაპტირებაზე, წლების განმავლობაში მუშაობდნენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ცენტრის მეცნიერი ექსპერტები და ტრენერები. სხვადასხვა დროს ცენტრმა არაერთხელ გამოსცა საგანმანათლებლო სატრენინგო ავთენტური მოდულები და პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური, ისე ელ. ფორმით. (იხ. ჩვენი ვებგვერდის მენიუ: "რესურსები").
გასული 20-ზე მეტი წლის მანძილზე განხორციელებული საგანმანათლებლო, სატრენინგო პროგრამების შედეგად ცენტრმა უამრავი თბილი, სამადლობელო წერილი მიიღო ტრენინგების მონაწილეთა და დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ასევე, გასული წლების მანძილზე მრავალმა ინსტიტუციამ მადლიერებით ისარგებლა ჩვენი ცენტრის სატრენინგო მოდულებითა და სხვა სამეცნიერო გამოცემებით.
ჩვენი ცენტრის არქივში დაცულია 20-წლიანი ვიდეო და ფოტო–დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს წლების მანძილზე ჩატარებული ტრენინგების პროგრამათა მსვლელობებს. სამომავლოდ, დარგის მეცნიერული კვლევებისთვის ცენტრის საარქივო მასალის ანალიზი საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.