კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქმეებზე

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ანა ფირცხალაშვილი

2024 წლის 5 ნოემბერს, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) წერილობითი მოსაზრება შეიტანა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით. ღნიშნული კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს შემდეგმა მოსარჩელეებმა:

  • ა. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კონსტიტუციური სარჩელი №1828
  • ბ. ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კონსტიტუციური სარჩელი №1829
  • გ. საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კონსტიტუციური სარჩელი №1834
  • დ. შპს "საინფორმაციო ცენტრების ქსელი" და ა(ა)იპ "სტუდია მონიტორი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კონსტიტუციური სარჩელი №1837

ქართულ საკანონმდებლო სივრცეში სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი პირველად საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში დაინერგა. "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონს 2009 წლის 22 ოქტომბრის ცვლილებებით, დაემატა ახალი თავი, "სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში", რომლის თანახმად, "ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დამტკიცებული ფორმით მიმართოს
საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრებით". ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას სურვილისამებრ, გაიზიაროს ან არ გაიზიაროს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია აისახოს ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.