კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

საქართველოს პრეზიდენტი, მ.ა. სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს

21:00 საათი,

27 ოქტომბერი, 2024 წ.

საქართველოს პრეზიდენტი,

ათონელის რეზიდენცია, თბილისი, საქართველო

„ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს“, – საქართველოს პრეზიდენტი, მ.ა. სალომე ზურაბიშვილი.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, მ.ა. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ იგი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს, დამკვირვებლებს და მედიას, რომელთაც რთულ ვითარებაში ყველაფერი გააკეთეს ხმების დასაცავად.

„ჩვენ მოვესწარით ძალიან უჩვეულო რამეს – ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში თუ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები, პლუს ამას დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„შეიძლება ითქვას, ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე“.

„ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევანის უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი იმიტომ, რომ ამ არჩევნების მერე, თუ არაფერი შეიცვალა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია როგორი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება. ჩვენ მოქალაქეებს წაართვეს… წაართვეს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, დაარღვიეს მათი კონსტიტუციური უფლება იმით რომ არ გაიხსნა უბნები და არამხოლოდ ეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მადლიერება გამოხატა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომელთაც დარღვევები გამოავლიეს.

„მინდა ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა – არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლისა, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით ჩვენ თაობებისთვის“.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ „გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთს – ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა და რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები… ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა“.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველოს ხალხის გვერდით დადგნენ.