საქართველოს მეგობართა ჯგუფები
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) წარმოგიდგენთ საერთაშორისო მედიაციისა და კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტის - „მეგობართა ჯგუფის“ - ქრონოლოგიას და შესაბამის დოკუმენტებს. ეს ახალი საქაღალდე დავამატეთ ელექტრონულ საქართველოს საისტორიო არქივს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში, სათაურით - საქართველოს მეგობართა ჯგუფები.
საქართველოს მეგობართა ჯგუფები არის საერთაშორისო სამშვიდობო მედიაციის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოსთვის 1993 წლიდან მოქმედებს. ამ ფორმატმა რთული გზა გამოიარა საქართველოსთან ერთად. ქრონოლოგიითაც კარგად ჩანს ქარტეხილები, რუსეთის ამ ფორმატში მონაწილეობა, მისი მრავალროლური და მრავალფუნქციური დომინანტა (ფასილიტატორი, მეგობარი, მხარე, ცისფერჩაფხუტიანი, ოკუპანტი...), რამაც გაანადგურა საქართველოს სამშვიდობო პროცესები და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობები უკიდურეს ზღავზე დაწია.
2009 წლიდან საქართველოს მეგობართა ჯგუფი უკვე რუსეთის გარეშე გამოდის ერთობლივი განცხადებებით და აძლიერებს საქართველოს, გმობს რუსეთის ქმედებებს, ისევ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
2014 წლიდან საქართველოს მეგობართა ჯგუფი ეუთო-ში, საქართველოს რეგულარულ მხარდაჭერასთან ერთად, ყოველთვის ეხმიანება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სუბიექტებს, არ აღიარონ და დაგმონ. (ბოლოს 2022 წლის 18 მარტი და 10 აპრილი)
და მხოლოდ წელს, ერთობლივი განცხადებით არ გამოეხმაურა საქართველოს მეგობართა ჯგუფი ეუთო-ში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებას... ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა მხოლოდ ცალ-ცალკე გააკეთეს გუშინდელი ცხინვალის არჩევნების დაგმობა. ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება, ამას კიდევ ეს ერთი შტრიხიც დაემატა: რომ ცალკეული ქვეყნების განცხადებებს ასევე ა(ღა)რ აძლიერებს და არ ავრცობს ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი - საქართველოს მეგობართა ჯგუფი ეუთო-ში...