„საპროტესტო აქციებმა შედეგი გამოიღო“, სოციოლოგიური კვლევა - რას წერენ ჩვენზე
29 თებერვალი, 2008
ნინო ღვედაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი
"კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის სიმპათიები ოპოზიციის მხარესაა. ცენტრის მტკიცებით, ოპოზიციურ განწყობას საფუძვლად ძირითადად უდევს ნეგატივიზმი, ანუ უკმაყოფილება არსებული ხელისუფლების მიმართ. ამავე კვლევას თუ დავუჯერებთ, 2008 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტიურობაა მოსალოდნელი.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა (ICCN) 28 თებერვალს საზოგადოებას სოციოლოგიურ კვლევის შედეგები წარუდგინა. 15-16 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვა საქართველოში 2007-2008 წლის (ნოემბერი-იანვარი) პოლიტიკური მოვლენების შეფასებას ეხება. კვლევამ რამდენიმე საკითხი მოიცვა, მათ შორის, 2007 წლის 2-6 ნოემბრის საპროტესტო აქციების და 7 ნოემბრის მოვლენების შეფასება და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. კვლევა შეეხო ასევე 2008 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებს.
კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, გაზაფხულზე ამომრჩეველთა მაღალ აქტიურობას უნდა ველოდოთ, რადგან გამოკითხულთა დაახლოებით 88 პროცენტი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად აპირებს. თბილისელთა ოპტიმიზმის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ დაახლობით 44 პროცენტს სჯერა, საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად, ან თუნდაც, უფრო სამართლიანად ჩატარდება ვიდრე საპრეზიდენტო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ოპოზიციური განწყობისა, გამოკითხულთა შორის დომინირებს აზრი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მომავალ პარლამენტში უმრავლესობას (50 პროცენტზე მეტს) მოიპოვებს (გამოკითხულთა 28 პროცენტი).
„ამ მაჩვენებლებმა არ უნდა დაგვაბნიოს. ეს ციფრები მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობას სჯერა, საპროტესტო აქციებმა შედეგი გამოიღო (გამოკითხულთა 30 პროცენტი) და სააკაშვილის ხელისუფლებამ ბოლო თვეებში კარგი გაკვეთილი მიიღო; ის შეეცდება აღარ გაიმეოროს შეცდომები და საპარლამენტო არჩევნები უფრო სამართლიანად ჩაატაროს. აქ იგულისხმება ძირითადად, თავად არჩევნების პროცესი. თუმცა, ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, ხელისუფლება პარლამენტში უმრავლესობით მოვა, არ ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი ამ ფაქტს დადებითად აფასებს. ამაში იგულისხმება არა მოსახლეობის მხარდაჭერა, არამედ ის, რომ ხელისუფლება ამას თავისი რესურსების გამოყენების ხარჯზე მიაღწევს. კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის სიმპათიები ოპოზიციის მხარესაა,“- აცხადებს ICCN-ის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი.
კვლევა, რომელიც თბილისის მასშტაბით ჩატარდა და 1000 რესპოდენტის ინტერვიურების შედეგებს ეყრდნობა, ამტკიცებს, რომ საპროტესტო გამოსვლების ძირითადი მიზეზი მოსახლეობაში დაგროვილი უკმაყოფილება გახდა. ამ აზრს გამოკითხულთა 81.5 პროცენტი იზიარებს. აქვე აღსანიშნავია 68.5 პროცენტი, რომელიც მიიჩნევს, რომ ნოემბრის მიტინგებზე ხალხი ძირითადად ეკონომიკური გაჭირვების გამო მივიდა.
გოგი ხუციშვილის განცხადებით, „68 პროცენტიანი მაჩვენებელი არ ეწინააღმდეგება წინა კითხვის შედეგს, რადგან ის ხალხი, რომელიც ეკონომიკური გაჭირვების გამო მივიდა მიტინგებზე, ამავდროულად გამოხატავდა უკმაყოფილებას ხელისუფლების არასწორი კურსისადმი და იქ საკუთარი პოლიტიკური უფლებების დასაცავადაც იდგა.“
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება უკავშირდება უფრო მიხეილ სააკაშვილის გუნდს, ვიდრე თავად მას, რადგან გამოკითხულთა 57 პროცენტი თვლის, რომ 7 ნოემბერს ძალის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა არა ერთპიროვნულად, არამედ თავის გუნდთან შეთანხმებით მიიღო, ხოლო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, 35 პროცენტის მტკიცებით, გარე ძალების (აშშ) ზეწოლით მიღებული გადაწყვეტილება იყო.
რაც შეეხება თავად რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს, მოსახლეობის დამოკიდებულება მის მიმართ საკმაოდ ნეგატიურია:
ხელისუფლებამ შედეგები გააყალბა - რეალური შედეგებით, უნდა დანიშნულიყო მეორე ტური (მ. სააკაშვილი და ლ. გაჩეჩილაძე) – 45.2 პროცენტი;
ხელისუფლებამ შედეგები გააყალბა - რეალური შედეგებით, პირველივე ტურში გაიმარჯვა ლ. გაჩეჩილაძემ - 17.5 პროცენტი;
იყო დარღვევები, რომელთაც საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენიათ - 24.6 პროცენტი.
რესპოდენტთა მხოლოდ 8.4 პროცენტი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ნორმალურად და სამართლიანად.
კვლევა შეეხო არა მარტო შედეგებს, არამედ არჩევნების პროცესსაც, რის მიხედვითაც, გამოკითხულთა 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებული. დაახლოებით 67 პროცენტი უფრო უარყოფითად აფასებს ცსკ-ს მიერ ჩატარებულ მუშაობას, ვიდრე დადებითად, ხოლო 58 პროცენტი უნდობლობას უცხადებს საპრეზიდენტო არჩევნების დროს უცხოელი დამკვირვებლების მიერ ჩატარებულ მუშაობას.
გამოკითხვა დეტალურად იკვლევს საზოგადოებრივ აზრს უშუალოდ 7 ნოემბრის მოვლენების შესახებ. კვლევაში კითხვები საზოგადოებისათვის სამ მოვლენაზე ნაწილდება - 7 ნოემბრის დილის მოშიმშილეთა აქციის აღკვეთის შესახებ, შუადღეს რიყეზე მომიტინგეთა დაშლასა და საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ შენობის დარბევის შესახებ. 7 ნოემბრის მოვლენებზე მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მიიჩნევს, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან განპირობებული თვითნებური ძალადობრივი ქმედება და უფლებამოსილების გადამეტება. გამოკითხულთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს იყო ხელისუფლების დანაშაული, კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ხოლო 30 პროცენტი თვლის, რომ ხელისუფლებამ ამ აქციით ხალხი დააშინა.
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით (64 პროცენტი), 7 ნოემბრის მოვლენებმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედა."