პრეზიდენტის ვეტო: რუსულმა კანონმა მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს
18 მაისი, 2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს იგივე სახით უკან დაუბრუნა და მხოლოდ ერთ მუხლის ჩაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.
საქართველოს პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს პარლამენტიდან უკან გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.
პრეზიდენტი დასძენს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 78-ე მუხლებს.
"ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - მაშესადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია.
შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ხალხის ნებას.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე" - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.