საქართველოს პრეზიდენტი - არა და არასოდეს!
15 მაისი, 2024 წელი
თბილისი, საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი - არა და არასოდეს! ვეტოს დადებით არ შევალ რაღაც ყალბ, ხელოვნურ და მატყუარა მოლაპარაკებებში, რადგან არ ვუღალატებ საზოგადოების ამ სულისკვეთებას
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ლიეტუვის პრეზიდენტს, ბატონ გიტანას ნაუსედას, რომლის ინიციატივითაც განხორციელდა ოთხი ნორდიკული ქვეყნის, ჩვენი ოთხი მეგობრის: ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი ვიზიტი საქართველოში.
დღეს მათი ვიზიტი საქართველოს ევროპული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი სიგნალი და ჩვენი მხარდაჭერაა, რისთვისაც მე მადლობელი ვარ და მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც ამდენი დღეა გარეთ დგას.
დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე წერტილი დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით - კენჭისყრაზე 84 ადამიანის მხარდაჭერით, რომელიც მძიმე წერტილი იმ ხელისუფლებისათვის, რომელმაც თქვა, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით; ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თვისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა, მცდელობა, რომ საქართველო, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მყარად იდგა შუა გზაზე და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში იყო, რომ ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებული ყოფილიყო წარსულში.
ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ პრაქტიკულად 30 დღიანი ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით უპასუხა. ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზედაც ყველა ვსაუბრობდით, ჩვენი საზოგადოების 80-85%-იანი მხარდაჭერა ევროპულ მომავალს არ იყო მხოლოდ ციფრები და ეს რეალობაა, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ და ამით შეგვიძლია ყველამ ნამდვილად ვიამაყოთ.
ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად დგას ევროპულ ღირებულებებზე. დემოკრატიულობა და თავისუფლება ის ევროპული ღირებულებებია, რისთვისაც საქართველო იბრძოდა. ამ ღირებულებებით და ამ შემართებით ეს საზოგადოება არასოდეს დაუბრუნდება რუსულ წნეხს.
ჩვენ ვისაუბრეთ შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მე ძალიან გარკვეულად ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში, ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში - არა და არასოდეს!!! რადგან არ ვუღალატებ არსებულ სულისკვეთებას ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა.
ამ გზავნილს მიიტანენ ჩვენი მეგობრები ყველგან, სადაც საჭიროა, რათა არავინ იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოყენება შეიძლება ამ ხელისუფლების რაღაც სახის გადასარჩენად. დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი.
ამისთვის, ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენ მოსახლეობას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს გადაწყვეტილებების ის ერთობლიობაა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე - ერთად და მობილიზებულად, რომელიც ამ არჩევნებით საქართველოს თავის გზაზე დააბრუნებს. ჩვენი უახლოესი მომავალი არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის მობილიზაცია, სადაც ჩვენ ყველანი ერთად, უთუოდ, გავიმარჯვებთ, რათა საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ.
კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან პრაქტიკულად ყოველდღე გვეხმარებიან და რომლებმაც მოგვცეს ეს შანსი მივიღოთ ჯერ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირება, კანდიდატის სტატუსი და რომლებიც დარწმუნებული ვარ და ვიცი, იქნებიან ჩვენს გვერდით როგორც კი ჩვენ ჩვენს გზას დავუბრუნდებით" - მისი აღმატებულება, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.