მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება
15 მაისი, ბრიუსელი, ბელგია
საქართველო: უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის განცხადება „უცხო გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შესახებ.
ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებზე, ასევე მათ ოჯახებზე დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს დოკუმენტირებული ქმედებები.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადადგმულია 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული შესაბამისი 9 ნაბიჯი. ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებას, ისევე როგორც მედიას, შეეძლოს თავისუფლად ფუნქციონირება. ისინი ასევე ეხება დეპოლარიზაციის აუცილებლობას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
მიუხედავად ამისა, და მიუხედავად დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა, საქართველოს სამთავრობო მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სული და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. ეს ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ როცა გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ნაწილისა და ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი გზის ფარგლებში.
ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. არჩევანი წინსვლის გზაზე საქართველოს ხელშია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი, დაიცვან ევროკავშირის გზისადმი ერთგულება და გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რომლებიც აღწერილია 9 ნაბიჯში.
ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ.