კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

აგენტებს ეძებთ სახალხო დიპლომატიაში? აქ ვართ, აგენტები, მოგვაკითხეთ!

არასამთავრობო ორგანიზაციათა საგანგებო პრესკონფერენცია

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა განცხადება ლირა ცხოვრებოვას მედია საქმის შესახებ

Georgian SCOs Statement of the Media Case of Lira Tskhovrebova

16 დეკემბერი, 2008 წელი, თბილისი, საქართველო

(პრესკონფერენცია გაიმართა 16 დეკემბერს, 17:00 საათზე, ლადო ასათიანის 10 (ყოფილი ენგელსის ქ), კავკასიის ქალთა ქსელის ოფისში)

***

ჩვენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა 16 დეკემბერს გავმართეთ საგანგებო პრესკონფერენცია 15 დეკემბრის შემაშფოთებელი მედია კამპანიის გამო – ქ-ნი ლირა ცხოვრებოვას „შპიონურ საქმიანობასთან“ დაკავშირებით, რის შესახებ სიუჟეტი ერთდროულად, ერთი და იმავე ფორმატით გუშინ გავიდა საქართველოს მრავალი ტელე-არხით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ გუშინდელი სიუჟეტი პირდაპირი მცდელობაა, ამცნონ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრს, რომ სახალხო დიპლომატიის მიმართულება, თურმე უკვე დისკრედიტირებულია და მასში ჩართული ადამიანები კი, აგენტები და შპიონები არიან.

ჩვენ, გუშინდელი სატელევიზიო სიუჟეტი და ინფორმაცია, ჩვენი კოლეგის, ლირა ცხოვრებოვას შპიონაჟთან დაკავშირებით, მივიჩნიეთ, როგორც პირდაპირი გაფრთხილება, რომ უმჯობესია, არც კი ვიფიქროთ სამომავლო სამშვიდობო ბილიკებზე სახალხო დიპლომატიის ფორმატში, რადგან თურმე უკვე არსებობს წინაპირობა, რომ ამ გზაზე მტრის სახელი დაგვარქვან!!!

ჩვენ, ამ რიგში მყოფი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, წლების მანძილზე ვიყავით პარტნიორები და ერთობლივ პროექტებში თუ პროგრამებში ვახორციელებდით საქმიანობას ქალბატონ ლირა ცხოვრებოვას ორგანიზაციასთან.

ქ-ნი ლირა ცხოვრებოვა და მისი ორგანიზაცია ბოლო წლების მანძილზე მუდმივად იყო ისეთი დიდი ორგანიზაციების პარტნიორი, როგორებიც არიან გაერო, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები, მშვიდობისა და სამშვიდობო დიალოგის, ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვენი საერთო მიდგომა სწორედ სამშვიდობო გზების ძიება და სამშვიდობო ინიციატივები იყო, რომ ერთად დაგვეძლია დიდი ტკივილი და ტრაგედია, რაც შეიარაღებულმა კონფლიქტებმა ომმა მოგვიტანა.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ და ვიცით, რომ დიალოგი – ის ერთადერთი არხია, რომელიც მშვიდობამდე მიდის. იქ, სადაც დიალოგი აღარ არსებობს – იარაღის ჩხარუნი და ცეცხლი დაისადგურებს!

ვწუხვართ, რომ ჩვენს თვალწინ მერამდენედ მოხდა პოლიტიკური დიალოგისათვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანი სახალხო რესურსების იგნორირება - ეს დამატებითი ინდიკატორია პოლიტიკური დიპლომატიის კვალიფიკაციისა და პრობლემისაც.

2008 წ. აგვისტოს ომმა დაასამარა არა მარტო ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქენი, არამედ პოლიტიკური დიპლომატიაც, რომელიც იმდენად უსუსური ყოფილა, რომ ადამიანთა სიცოცხლე მასიურად შეიწირა!

გუშინდელმა სატელევიზიო სიუჟეტმა ჩვენ დაგვანახა ის საშიში ტენდენცია, რომ პოლიტიკური დიპლომატიის დასამარების შემდეგ ახლა უკვე სახალხო დიპლომატია უნდა გამოიყვანონ დისკრიდიტირებულად და ეს არხი წარმოაჩინონ საშიშროებად.

დღეს არსებული ტენდენციის გამო - დაშინდეს საზოგადოება და დაინერგოს საყოველთაო უნდობლობა - ვერ გადავთქვავთ ჩვენს ღირებულებას რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა მეგობრობა, ჩვენ გვინდა კეთილმეზობლობა, ჩვენ გვინდა თავისუფლება, ჩვენ გვინდა კეთილდღეობა, ჩვენ გვინდა განვითარება და ბოლოს, ჩვენ კვლავ მოვემსახურებით დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას საქართველოში.

“აგენტებად” და ‘’მოღალატეებად’’ მონათვლის შიშით ჩვენ ვერ შევაჩერებთ ჭეშმარიტად ჰუმანურ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მატარებელი საქმის კეთებას!

დღესვე ვსაუბრობთ ერთ პრინციპზე: აგენტებს ეძებთ სახალხო დიპლომატიაში? აქ ვართ, აგენტები, მოგვაკითხეთ:

ხელმოწერები:

  1. ნინო ციხისთავი-ხუციშვილი, კავკასიის ქალთა ქსელი;
  2. გელა ნიკოლეიშვილი, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის;
  3. ნანა კაკაბაძე, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის;
  4. არნოლდ სტეპანიანი, საერთო სამოქალაქო მოძრაობა ‘მრავალეროვანი საქართველო’;
  5. ზაქარია ქუცნაშვილი, კანონი ხალხისათვის;
  6. მიხეილ მირზიაშვილი;
  7. მარინა ფაღავა, დაეხმარე საკუთარ თავს;
  8. არინა თავაქარაშვილი, ქსელი ‘საქართველო’;
  9. ირინა ფუტკარაძე, ჯანმრთელი სამყარო;
  10. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  11. მანანა კობახიძე, კონსტიტუციის მუხლი 42;
  12. ლელა გაფრინდაშვილი, ქალთა ინიციატივა თანასწორობისათვის;
  13. ირაკლი სესიაშვილი, სამართალი და თავისუფლება;
  14. ალექსი შოშიკელაშვილი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი;
  15. მანანა მებუკე, ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი;
  16. მარინა თაბუკაშვილი, ფონდი ტასო;
  17. ლამარა შაყულაშვილი, შიდა ქართლის კომიტეტი, ანტი-ძალადობის ქსელი საქართველოში;
  18. გუგული მაღრაძე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი მოძრაობა;
  19. ლია მუხაშავრია, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი;
  20. ლაშა ბლიაძე, მოძრაობა ახალგაზრდული ალტერნატივა;
  21. კობა ბოჭორიშვილი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი;

ხელმოწერები გრძელდება!

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

2008 წელს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია "ჯაშუშობასთან" და სამოქალაქო სექტორის საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით:

"...ინფორმაცია ქართულმა ტელეარხებმა აიტაცეს, რამაც იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც წარსულში ცხოვრებოვას ორგანიზაციასთან თანამშრომლობდნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაცია ცხოვრებოვას შესახებ სახალხო დიპლომატიის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიად შეაფასეს". - სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 დეკ.'08 / 16:51