საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საისტორიო არქივის სრულყოფისთვის
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის განცხადება
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა შეაგროვა და გამოაქვეყნა საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარების კონცეფციები და სამშვიდობო ინიციატივები.
გასული 27 წლის მანძილზე (1992-2019) გამოქვეყნებული 44 დოკუმენტი უკვე ხელმისაწვდომია ცენტრის ვებ-გვერდზე. კონცეფციათა და ინიციატივების ავტორები კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებების, სახელისუფლებო და მესამე ნეიტრალური მხარის წარმომადგენლები გახლავთ.
ინიციატივათა მრავალრიცხოვნების მიუხედავად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია სრული არ არის, თუმცა, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ქრონოლოგიური ჩამონათვალი ნათლად ასახავს საზოგადოების მუდმივ სწრაფვას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ.
უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიდგომებსა და ხედვებს ასახავს. ამდენად, გამოქვეყნებული კონცეფციები მრავალფეროვანია და, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთსაპირისპირო. მიგვაჩნია, რომ მსგავს დოკუმენტთა ერთიანი ჩამონათვალის ხელმისაწვდომობა, მიუხედავად მათი განსხვავებული პოზიციებისა, მნიშვნელოვანია მხარეთა დიალოგისთვის და საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საისტორიო არქივის სრულყოფისთვის.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი განაგრძობს საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარების კონცეფციებისა და სამშვიდობო ინიციატივების დოკუმენტური მასალის შეგროვებას.