ძირითადი მიმოხილვა
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) დღიდან მისი დაფუძნებისა (1994 წლის 8 აგვისტო) მუშაობს კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროში. ცენტრის ძირითადი საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით განისაზღვრება:
- სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა - მედიაცია, ფასილიტაცია, მოლაპარაკება, დიალოგი;
- სამშვიდობო განათლების განვითარება კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარების, გენდერული თანასწორობის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების დასამკვიდრებლად;
- სამშვიდობო მონაცემთა ბაზის (GeoPeaceData) შექმნა სამშვიდობო ხელშეკრულებებზე (Peace Agreements (PA)) წვდომის შესაძლებლობით;
- კონფლიქტების თავიდან აცილება, მშვიდობის მშენებლობა პროფესიული ქსელების განვითარებითა და კონფლიქტების პრევენციით.
- მდგრადი მშვიდობა როგორ გავხადოთ მშვიდობა მდგრადი: სამშვიდობო პოლიტიკა უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს კონფლიქტამდე, კონფლიქტის დროსა და კონფლიქტის შემდეგ.
- საქართველოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები, უნიკალური საარქივო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ჩვენთან, 1994 წლიდან ვაშენებთ საქართველოს საისტორიო არქივს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება და მშვიდობის მშენებლობის საქმეში სამოქალაქო საზოგადოების წვლილი.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული ტერმინოლოგიის განსაზღვრებანი:
რა არის კონფლიქტი?
სიტყვა კონფლიქტი ყველა ენაში ლათინურიდან შემოვიდა. “Conflictus” სიტყვასიტყვით “შეტაკებას” ნიშნავს. მაგრამ დღეს ამ სიტყვის მნიშვნელობა ძალზე გაფართოვდა; ამ ცნების მრავალი განსაზღვრება არსებობს. ჩვენ არ განვიხილავთ შინაგან, ფსიქოლოგიურ კონფლიქტებს, კონფლიქტს არც ლიტერატურათმცოდნეობის ასპექტით შევისწავლით; ჩვენ შემოვიფარგლებით კონფლიქტის შემდეგი განსაზღვრებით:
კონფლიქტი არის ორი ან მეტი მხარის ინტერესების, მიზნების, შეხედულებების დაპირისპირება, რეალური ან წარმოსახული.
კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება მოიცავს კონფლიქტების გადაწყვეტის სხვადასხვა პროცესს: მოლაპარაკება, ფასილიტაცია, მედიაცია, ფაქტების დადგენა, არბიტრაჟი, სასამართლო.
რა არის „გაყინული“ კონფლიქტი?
„გაყინული“ კონფლიქტები ბოლო დროს ფართედ გავრცელებული შეფასებაა, რომლის განსაზღვრება დღემდე არ არის საყოველთაოდ გააზრებული და შემუშავებული. ზოგი ვარაუდი და მოსაზრება, შეიძლება შეთავაზებულ იქნას აფხაზეთის მაგალითზე დაყრდნობით, „გაყინული“ კონფლიქტისა და მისი შესაძლო „გალღობის“ კრიტერიუმებთან ერთად.
კონფლიქტის დინამიკის შესაბამისი მახასიათებელია „გაყინვა“, რომელიც, თავისთავად ხასიათდება მაღალი ინერციით, როდესაც მრავალი მცდელობისა და ზომების მიუხედავად, არაფერი იცვლება. „გაყინული“ კონფლიქტის დროს ჩვენ ვხედავთ, რომ: ა) კონფლიქტის მხარეები ვერ აწარმოებენ მოლაპარაკებებს, მედიაციის მიმართ გამოხატული უნდობლობის პირობებში; ბ) კონფლიქტის მხარეები ერთმანეთთან ახდენენ მდგრადობის დემონსტრირებას, მიუხედავად ცხადი სირთულეებისა; გ) ურთიერთნდობის დონე ძალიან დაბალია კონფლიქტის მხარეთა შორის და არც ნდობის ზრდის ტენდენცია ჩანს; დ) მყიფე სიტუაციაა დამკვიდრებული, სადაც არც ომია და არც მშვიდობა; ე) მოლაპარაკებები პერიოდულად განახლებადია, მაგრამ გადაწყვეტილებები ხშირად ვერ მიიღება და მიღებული კი არ სრულდება და, ვ) ორივე მხარეს დომინირებს რადიკალური საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ ასევე გაცნობიერებულია სამხედრო გზით პრობლემის გადაწყვეტის შეუძლებლობა.
შესაბამისად, აშკარაა, რომ გახანგრძლივებული, გაჭიანურებული კონფლიქტის განვითარებაში „გაყინული“ კონფლიქტის ეტაპი ესადაგება სტაგნაციის ეტაპს, რომელმაც ცხადყო, რომ მეტ-ნაკლებად ინტენსიურმა მედიაციამ და/ან ტრანსფორმაციისკენ მიმართულმა ზომებმა ვერ შექმნა რაიმე თვალსაჩინო პერსპექტივა სამომავლოდ.
კონფლიქტი ვერ „გაიყინება“ მკვეთრი, გარდამტეხი ქმედებებით ან მიმდინარე საომარი მოქმედებებით, და მაშინაც, თუ სიტუაცია დაემსგავსება „გაყინულს“ კონფლიქტის განვითარების მაღალი ინტენსივობის ეტაპზე, ასეთი სიტუაცია მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდება. სინამდვილეში, კონფლიქტის „გაყინვა“ ხდება მაშინ, როდესაც მაღალი ინტენსივობის ეტაპი უკვე გა(და)ვლილია და მყიფე სტაბილურობა მიღწეული - რაც გარეშეთ აძლევს საფუძველს, მდგომარეობა შეაფასონ, როგორც პოსტ-კონფლიქტური ეტაპი/სიტუაცია და განიხილონ წარსული-ჯერ-განახლებადი მაღალი ინტენსივობის ეტაპი, რომელიც კონფლიქტის მსგავსია, შესაბამისია.
რა „ამოძრავებს“ და რა „ყინავს“ კონფლიქტს? (‘Movers’ and ‘Freezers’)
კონფლიქტის განვითარებაზე ზემოქმედების მქონე მრავალ ფაქტორთა შორის, არსებობს ის ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ კონფლიქტის დინამიკის სწრაფი ცვლილება, რეაქციის დაჩქარება, თუნდაც დესტაბილიზაციის ხარჯზე („ამამოძრავებელი“ ფაქტორები), ან თვითიზოლაციისა და უნდობლობისკენ, უმოქმედობისა და უძრაობის გახანგრძლივებისაკენ მიმართულებით („გაყინვის“ ფაქტორები), მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფაქტორები ამცირებენ, ან საერთოდ აუქმებენ კონფლიქტის მოწესრიგებისა და მოგვარების შესაძლებლობებს.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთი და იგივე ფაქტორი, შეიძლება, აღმოჩნდეს, როგორც კონფლიქტის „ამამოძრავებელი“, ასევე კონფლიქტის „გაყინვის“ ფაქტორი. ხშირად, ასეთი ფაქტორის ერთდროული, „ამამოძრავებელიცა და გამყინველის“ სტატუსი, კონფლიქტის განვითარების მუტაციად გვევლინება.
კონფლიქტის „ამოძრავება“ პირდაპირ კავშირშია გათვითცნობიერებულ ინტერესთან, რომელიც, ხშირად, გამოწვეულია შიდა საფრთხეებით. საგარეო კუთხით, ასეთი ფაქტორი არის ნებისმიერი არხის დიპლომატიით განხორციელებული ქმედება ან მცდელობა, შესრულდეს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულება, სავაჭრო საჭიროება და ვალდებულება, რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტი, განსაკუთრებით კი ის, რომელიც ფარავს სადავო ტერიტორიას, და სხვ.
კონფლიქტის „გაყინვა“ არის მხარეთა გამოხატული პოზიცია, რომელიც კავშირშია საგარეო საფრთხეებთან და დამახასიათებელია პოლიტიკური ელიტებისთვის, ნაციონალისტურ და/ან კონსპირაციულ თეორიებზე დაყრდნობით, მტრის ხატის, უნდობლობისა და სიმკაცრის გამოვლენაზე სადაო საკითხების განხილვისას, პოპულიზმითა და რადიკალურ/მილიტარისტული პოზიციით, და სხვ. კონფლიქტის „გაყინვა“ უგუნურებაა, გამოიყურება, როგორც ფსევდო-სტაბილურობა, თუმცა, არა მხოლოდ კონფლიქტების მოგვარების სფეროში, არამედ მრავალი სხვა მიმართულებითაც მდგომარეობის „გაყინვა“ ხშირად „სტაბილურობაში“ ეშლებათ.
მოულოდნელი ცვლილება კონფლიქტების გარემოში, ისეთი, როგორიცაა, მაგ.: ძალაუფლების ვაკუუმი, გადატრიალება ან ძალაუფლების სტრუქტურის ნებისმიერი სხვა ძირეული ცვლილება - კონფლიქტის გაყინული ეტაპის მტვრევას იწვევს და, შეიძლება, კატასტროფის მომტანი აღმოჩნდეს.
ტერმინთა განსაზღვრებათა წყაროები:
- Understanding Conflict. Edited by George Khutsishvili, Ph.D., collection of works by a team of Georgian scholars, published by International Center on Conflict and Negotiation (ICCN), ISBN: 99928-58-07-9, Tbilisi, 1998.
- როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები, გამოშვება I, რედაქტორი – გიორგი ხუციშვილი, წიგნზე მუშაობდნენ: გიორგი ხუციშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი; თინა ასათიანი, ფსიქოლოგი; დალი ბერეკაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; რუსუდან მშვიდობაძე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; გიორგი ნიჟარაძე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამოცემა, ISBN: 99928-824-9-2; თბილისი, 2000 წ.
- როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები, გამოშვება II, რედაქტორი – გიორგი ხუციშვილი, წიგნზე მუშაობდნენ: გიორგი ხუციშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მაია რაზმაძე, ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი, ლია (ხათუნა) სანიკიძე, ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამოცემა, ISBN: 99928-824-8-4; თბილისი, 2000 წ.
- მშვიდობის დამკვიდრება გახლეჩილ საზოგადოებაში, გამოშვება III, რედაქტორი – გიორგი ხუციშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ავტორი: თამარ ციხისთავი, მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული, კონფლიქტოლოგი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამოცემა, ISBN: 99928-824-2-5; თბილისი, 2001 წ.
- როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები, გამოშვება IV, რედაქტორი – გიორგი ხუციშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ავტორი – დ–რი იოჰან გალტუნგი, ამერიკის, გრანადის, რიცუმეიკანის, ტრომსის და ვიტტენის უნივერსიტეტების პროფესორი მშვიდობის სწავლების დარგში, ‘ტრანსცენდის’ (მშვიდობისა და განვითარების ქსელი) დირექტორი, ავტორისეული თარგმანი – თინათინ ასათიანი, ფსიქოლოგი, ტრენერი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამოცემა, ISBN: 99928-824-4-1; თბილისი, 2001 წ.
- WHAT FREEZES AND WHAT UNFREEZES CONFLICTS? (The Case of the Georgian-Abkhaz Dispute) By Dr. George Khutsishvili, P.h.D., Director, International Center on Conflict and Negotiation (ICCN), Tbilisi, Georgia, International Conference in Bad Honnef, Germany 2002.
- კონფლიქტები. ავტორები: გიორგი ნიჟარაძე, რუსუდან მშვიდობაძე, თინათინ ასათიანი, თამარ ციხისთავი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამოცემა, ISBN: 978–99928–824–7–4; თბილისი, 2010 წ.
- კონფლიქტების მოგვარება, მშვიდობის მშენებლობა, საგანმანათლებლო პროგრამათა სატრენინგო მოდულები, წიგნი I., ნინო ციხისთავი-ხუციშვილი (რედ.), ავტორთა ჯგუფი: გიორგი ხუციშვილი, ფილოს.მეცნ.დოქტორი, პროფესორი; თინათინ ასათიანი, სოციალური ფსიქოლოგი, ეკონ. მეცნ. დოქტორი; დალი ბერეკაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნ. დოქტორი; რუსუდან მშვიდობაძე, ფსიქოლოგიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი; გიორგი ნიჟარაძე, ფსიქოლოგიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი; მაია რაზმაძე, სოციალური ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი; ლია (ხათუნა) სანიკიძე, სოციალური ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი; თამარ ციხისთავი, აღმოსავლეთმცოდნე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი, კონფლიქტებისა და მშვიდობის მეცნიერებათა მაგისტრი. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამოცემა, ISBN: 978-9941-0-8102-6; თბილისი, 2015 წ.
- გიორგი ხუციშვილი, როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები (1991-2005), წიგნი I, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამოცემა, ISBN: 978-99928-937-7-7; თბილისი, 2016 წ.
- გიორგი ხუციშვილი, როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები (2006-2013), წიგნი II, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამოცემა, ISBN: 978-99928-937-8-4; თბილისი, 2016 წ.
- Георгий Хуцишвили, Как разрешить конфликты (1990-2013), книга III, Международный центр по конфликтам и переговорам, ISBN: 978-9941-9483-0-5; Тбилиси, 2016.
- George Khutsishvili How to Resolve Conflicts (1994-2013), Book IV, International Center on Conflict and Negotiation, ISBN 978-9941-9483-3-6, Tbilisi, 2018.
- კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ყოველთვიური პერიოდული გამოცემები: „კონფლიქტები და მოლაპარაკებები“ (1995–1999 წწ.), „ალტერნატივა“ (1997 წ.); „კონფლიქტის ალტერნატივა“ (1998 წწ.); „მონადა“ (1997–1998 წწ.); „დრო მშვიდობისა“ (2001–2011 წწ.). ჟურნალების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე: "რესურსები".