საქართველო-რუსეთი | ურთიერთობები: ენერგეტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, გეოპოლიტიკა, მიგრაცია და კულტურა
დიალოგი კვლავ რჩება კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ მხარეებს საშუალებას აძლევს, თავიანთი პრობლემების, ინტერესებისა და საჭიროებების შესახებ საერთო ხედვა ჩამოაყალიბონ. დიალოგის მონაწილე მხარეებს ეძლევათ ნეიტრალური სივრცე, რომ ჩაერთონ კონფლიქტთან დაკავშირებულ პოლიტიკურად სენსიტიური საკითხების განხილვაში.
ნდობის აღდგენის ღონისძიებები ხელს უწყობს კონფლიქტის შედეგად დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაძაბულობის შემცირებას, ურთიერთგაგების გარემოს შექმნას და შესაძლო თანამშრომლობის
გზებისა და საშუალებების გამოვლენას.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, კარგი შესაძლებლობა აქვთ საიმისოდ, რომ ისაუბრონ სხვადასხვა მხარეს მყოფი კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი საზოგადოებების ხედვებზე, ინტერესებსა და მოტივაციებზე. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც წესი, ნაკლები რადიკალურობით ხასიათდებიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოების ხედვისა და პოზიციის გამოხატვისას და მეტ მოქნილობას იჩენენ დაპირისპირებულ პოზიციათა დაახლოების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ოფიციალურ მოლაპარაკებათა მხარდასაჭერად. მეტიც, იმ შემთხვევებში, როდესაც ოფიციალური მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შორის არსებული დიალოგი, შესაძლებელია, განვიხილოთ მხარეთა შორის ურთიერთობათა სრული შეწყვეტის ალტერნატივად. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდგომ პერიოდშიც, რადგან სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას დაპირისპირებულ საზოგადოებათა შერიგებისა და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველსაყოფად.