3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
ძალიან მალე ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება დაიწყება 
1920x1080-white-solid-color-background
b7776ccd86677e084c73066d56234a62_xl

" თბილისის ათ რაიონად დაყოფა პოლიტიკური მიზნით არის გაკეთებული "

საქართველოში ნაძალადევი კოჰაბიტაციია რთულად მიმდინარეობს. საახალწლო - საშობაო ზავი, რომლის ერთ - ერთი გამოხატულება საპატრიარქოში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის სტუმრობა იყო, დიდხანს არ გაგრძელებულა. ყველაფერი " ძველ კალაპოტს " დაუბრუნდა : პროკურატურა განაგრძობს ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ სკანდალური მასალის გამოქვეყნებას, " ნაციონალური " ოპოზიცია კი პრეზიდენტის მეთაურობით ახალ ხელისუფლებას კრიჭაში უდგას. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ერთმანეთთან დაპირისპირებული შტოების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები თუ ინიციატივები მთლიანად ამ პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიას ემსახურება. მაგალითად, ექსპერტებმა სწორედ ასეთი ტიპის ინიციატივებად შეაფასეს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები ეკონომიკური ამნისტიისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტიგოგი ხუციშვილიდა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის კანონპროექტებს დღის სინათლის ხილვა არ უწერია.

- პრეზიდენტის ინიციატივა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ იმით არის განპირობებული, რომ ძველი ხელისუფლების დროს ჩადენილი ასეთი ტიპის დანაშაულის ამნისტირება მოახდინოს. როგორც ჩანს, "ნაციონალები" ელოდებიან ახალ სამართლებრივ პროცესებს, იციან, რომ ეს არ შეწყდება და უნდათ, დააბრკოლონ. ჩემი აზრით, საპარლამენტო უმრავლესობა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ასეთი კანონის დამტკიცების შემთხვევაში გამოძიებას ხელი შეეშლება. ვგულისხმობ იმას, რომ მტკიცებულებები უნდა შეგროვდეს და თითოეულ საქმეს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

- შეიძლება თუ არა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ ინიციატივა უკავშირდებოდეს შიშს, რომ მალე, სავარაუდოდ, ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება დაიწყება ? - რა თქმა უნდა, აუცილებლად დაიწყება. სწორედ ამის აღკვეთას ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივა ეკონომიკური ამნისტიის შესახებ, მაგრამ ვიმეორებ, არა მგონია, პარლამენტმა ამას მხარი დაუჭიროს.

- პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივა ეხება ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების აკრძალვას. სხვათა შორის, უფრო მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია სააკაშვილის განცხადებამ, ჩემი მთავრობის დროს ასეთი მასალა არ ვრცელდებოდაო.

- პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოფირი სწორედ ძველი ხელისუფლების დროს არის გადაღებული და მას დაშანტაჟებისთვის იყენებდნენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დანაშაულთან არა გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაშიც მკაცრად არის განსაზღვრული, რა როგორ უნდა იყოს. ჩემი აზრით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროება დაუშვებელია. სხვათა შორის, მახსოვს, გაუპატიურებაზე თუ სხვა პირადი ღირსების შემლახავ ბევრ საქმეზე ისეთი მასალები გამოქვეყნებულა, რაც არ უნდა გამოქვეყნებულიყო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ეს ინიციატივა პოლიტიკური თამაშის ნაწილია და შესაძლოა, ისევ და ისევ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს უკავშირდებოდეს. ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ადამიანის პირადი ცხოვრება სახელმწიფოს ჩარევისგან კანონით უნდა იყოს დაცული.

- საზოგადოების ნაწილმა ცნობილი ვიდეოფირის გავრცელებისთვის პროკურატურას უსაყვედურა. ამ სამართალდამცველი უწყების არგუმენტი კი დაახლოებით ასეთია, - რომ არ გაგვევრცელებინა, საზოგადოება არ დაიჯერებდა, ასეთი რამ რომ მართლაც ხდებოდაო.

- როდესაც საქმე დანაშაულს ეხება, ალბათ, ეს აღარც არის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი და გასაჯაროება შეიძლება დასაშვებად მივიჩნიოთ სამართლებრივი წესების დაცვით. საზოგადოდ, გამართლებულად არ მიმაჩნია, რომ ყველაფერს ტაბუ დაედოს. არის შემთხვევები, როდესაც ხალხს სჭირდება თვალსაჩინო ინფორმაცია იმისთვის, რომ გაიგოს, რა ხდებოდა.

- პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოფირი ციხის სკანდალის შემდეგ ყველაზე სკანდალური კადრებია. სხვათა შორის, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირის ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში დაბრუნდა და გამოძიებას ახალი ფაქტები და ახალი თანამდებობის პირები დაუსახელა. მის დაბრუნებაზე საზოგადოების აზრი გაიყო, - ნაწილი ფიქრობს, რომ ის გმირია, მეორის აზრით, მედროვე, სხვანი კი მიიჩნევენ, რომ მას მადლობა ეკუთვნის, მაგრამ თავად ბედუკაძის ბრალეულობაც შესასწავლია.

- ვნახოთ, ვინ არიან ის თანამდებობის პირები, ვინც მან დაასახელა. რაც შეეხება პირადად მას, როგორც ყველაფერი ცხოვრებაში, აქაც რამდენიმე ფაქტორია ერთმანეთში არეული. ბედუკაძე გაბედული კაცია, მაგრამ ამავე დროს არის პირი, რომელსაც კავშირი აქვს მისივე მასალით გამომჟღავნებულ სისტემასთან. ისიც ამ სისტემის ნაწილი იყო. გასაგებია, რომ განუდგა, მაგრამ ხომ იყო? სხვაგვარად ამ ფირს ვერ მოიპოვებდა. თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ ბედუკაძეც მონაწილეობდა წამებაში, მან პასუხი უნდა აგოს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ვიდეოფირმა დიდი გარდატეხა მოახდინა საზოგადოების ცნობიერებაში.

- გასულ კვირას კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, რომ " ნაციონალური მოძრაობა " და პრეზიდენტი ცდილობენ, დაგვარწმუნონ, ახალმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეცვალაო. ყოფილ მმართველ გუნდს ერთ - ერთ მაგალითად მოჰყავს ერევანში ვიზიტისას ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ სოხუმი - თბილისი - ერევნის რკინიგზის აღდგენის იდეას დადებითად აფასებს.

- ბიძინა ივანიშვილის ზემოხსენებული განცხადება არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური ვექტორის შეცვლად. ვექტორი, რომელიც ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს, არ იცვლება. მაგრამ იმავდროულად, ჩვენ გვქონდა ძალზე უპერსპექტივო და საშიში სამეზობლო პოლიტიკა. რეგიონული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ამის ნიშნები უკვე არის. კერძოდ, საწყის ეტაპზეა, მაგრამ მაინც დაიწყო ქართულ-რუსული დიალოგი. საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ცვლილებამ შეიძლება განაპირობოს ცვლილება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობაშიც. გარდა ამისა, საქართველო-სომხეთის ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ივანიშვილის განცხადება, რომ სომხეთი, რომელიც უთავსებს ერთმანეთს რუსეთთან, აშშ-სა და ნატოსთან კარგ ურთიერთობას, სამაგალითოა, სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის სქემა უნდა გადმოვიტანოთ. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, ივანიშვილი ბალანსისა და დარეგულირების მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა.

- თუმცა, " ნაციონალებმა " ეს განცხადებაც მოიშველიეს იმის დასადასტურებლად, რომ საგარეო პოლიტიკა იცვლება.

- ეს იყო მეზობელ სახელმწიფოში ვიზიტით მყოფი კაცის კეთილგანწყობილი განცხადება და სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთის მოდელი სტრატეგიად იქცევა. რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელსაც "ნაციონალური" ოპოზიცია აწარმოებს ახალ ხელისუფლებასთან, ეს განცხადებაც გამოიყენეს იმისთვის, რომ აეგორებინათ კამპანია, არიქა, საქართველო სტრატეგიულ კურსს იცვლისო.

- ალბათ, ამ კამპანიის ადრესატი უპირველესად დასავლეთია.

- რა თქმა უნდა. "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს დასავლეთში იმ აზრის დასამკვიდრებლად, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სტრატეგიულ კურსს ცვლის, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. დასავლეთში ჯერ კიდევ არიან "ნაციონალების" მხარდამჭერი ძალები, რომლებიც ზემომოყვანილ არგუმენტს გამოიყენებენ.

- საინტერესოა, ამ ძალებმა იციან, რა ხდებოდა ძველი ხელისუფლების დროს და მაინც აგრძელებენ მხარდაჭერას ? მარტო სერგო თეთრაძის საზარელი საქმე რად ღირს.

- საქართველოში უცხოური საელჩოების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა და ამას აკეთებენ კიდეც. თუმცა, ამ ინფორმაციიდან ზოგს ექცევა ყურადღება, ზოგს არა, ზოგი ხდება გაანალიზების საფუძველი, ზოგი - არა. ხდება სელექცია, რა არის მათთვის საინტერესო და სათვალავში ჩასაგდები. მაგალითად, თეთრაძის საქმე დასავლეთში რატომღაც რეზონანსს არ იწვევს და ჰგონიათ, კერძო შემთხვევაა.

- ასეთი " კერძო შემთხვევები " იმდენია, რომ უკვე ტენდენციას ჰგავს ( თუმცა, ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, თეთრაძის საქმესავით საზარელი არ არის ) და ქართველ საზოგადოებას უკვირს, რომ ამას დასავლეთი არ აანალიზებს. საინტერესოა, ვერ ხვდებიან თუ არ უნდათ, მიხვდნენ.

- არსებობს აღქმისა და გაცნობიერების წესები. ვაშინგტონსა და ბრიუსელში პრიორიტეტად არის დაწყობილი ყველაფერი და ქვეყნის შეფასებისას ყურადღება სწორედ იმას ექცევა, რა არის მათთვის პრიორიტეტული. სხვათა შორის, ეს კარგად იციან მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალებმა" და სწორედ იმ მომენტებს "ურტყამენ", რაც მტკივნეულია დასავლეთისთვის, მაგალითად, ახალი ხელისუფლების საგარეო კურსსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხს. "ნაციონალებს" აქვთ ტექნოლოგიები და იციან, რა უნდა გააპიარონ და დასავლეთის რა შიშზე ითამაშონ.

- და ახალი ხელისუფლების პრობლემა რაშია ? არ აქცევენ ამას ყურადღებას, მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ თუ ვერ აამუშავეს ის მექანიზმი, რომელიც ზემოხსენებულ ტექნოლოგიებს დაუპირისპირდება ?

- ჩემს შეშფოთებას ის იწვევს, რომ ახალ ხელისუფლებას არა აქვს უწყებები, სამსახურები და არა ჰყავს ჯგუფები, რომლებიც ამის საწინააღმდეგოდ იმოქმედებენ. არადა, ამის კონტრზომებს უნდა იღებდნენ, უნდა არსებობდეს პრევენციისა და კონტრზომების მექანიზმები. ამის აუცილებლობა ესმით, მაგრამ მექანიზმებს ჯერ ვერ ვხედავ. ხელისუფლებისთვის აუცილებელია, რომ დასავლეთს ობიექტური სურათი მიაწოდონ. მიმდინარეობს მისი დისკრედიტაცია და საკვირველია, რომ მის შესაჩერებლად ზომებს არ იღებენ.

- არ თუ ვერ იღებენ ? ბოლო დროს ექსპერტები ხშირად გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ახალ ხელისუფლებას მოქნილობა და ორგანიზებულება აკლია.

- ახალ ხელისუფლებაში კოორდინირებული მუშაობა რომ არ არის, ეს ბიძინა ივანიშვილმაც თქვა და დახურული თათბირიც ჩაატარა. მას შემდეგ, ალბათ, რაღაც უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს.

- Freedom House- ის 2012 წლის ანგარიშში საქართველო " ნაწილობრივ თავისუფალი " ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა. ისე, ერთი საინტერესო დეტალია, - ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არჩევნების შემდეგ წინა მთავრობის მაღალჩინოსნების დაკავებაზე და არა პატიმართა წამებაზე ან წინასაარჩევნო კამპანიისას მომხდარ მძიმე ფაქტებზე.

- ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოვხვდით. ქვეყნის სტატუსი რამდენიმე თვეში უცბად ვერ შეიცვლებოდა. ზემოხსენებულ კატეგორიაში მოხვედრა იმ ვითარების დამსახურებაა, რაც ოქტომბრამდე გვქონდა. ამ ანგარიშში ჩვენი წინსვლა, ჩემი აზრით, უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ასახული. კერძოდ, მოიხსნა შიშის ატმოსფერო და მოქალაქეები უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში წინსვლა უფრო დაწვრილებით უნდა აისახოს. არ ვეთანხმები, საქართველოს ახალ ხელისუფლებას ნაკლად რომ უთვლიან სამართლებრივ პროცესებს. როგორც ჩანს, Freedom House-ზე გავლენა მოახდინა იმ სუბიექტურმა სურათმა, რაც პოსტოქტომბრის საქართველოზე მსოფლიოშია შექმნილი. არჩევნების შემდეგ 30-მდე პირის დაკავება სამართლებრივი საფუძვლებით იქნა ახსნილი, ტყუილად დაკავებული მათ შორის არავინ არის. გეთანხმებით, რომ ანგარიშში ციხის სკანდალზე არ არის გამახვილებული ყურადღება. არადა, ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ისიც საინტერესოა, რატომ არ არის გამახვილებული ყურადღება უსამართლო წინასაარჩევნო გარემოზე. ეს იმდენი რეპრესიითა და დარღვევით იყო გაჯერებული, რომ აუცილებლად უნდა ასახულიყო ანგარიშში. საზოგადოდ, Freedom House-ის ანგარიში სწორია, პირველად მოვხვდით არჩევითი დემოკრატიის ქვეყნების რიცხვში, რაც მანამდე არ ყოფილა.

- ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, საქართველოს საბიუჯეტო კრიზისი ემუქრება. თქვენი აზრით, საფრთხე რეალურია ?

- საბიუჯეტო კრიზისი არ იქნება. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი უფრო უარეს დღეში ყოფილა, ვიდრე გვეგონა. შესაბამისად, ზოგიერთი სოციალური პრობლემის მოგვარება შეფერხებულია. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მთავარია, კარგი მმართველობა. სწორედ კარგი მმართველობა გახდა ყოველგვარ რესურსს მოკლებული ესტონეთის წარმატების საფუძველი. საქართველოში ადგილობრივი მმართველობა არ უნდა უშლიდეს ხელს ცენტრალურ ხელისუფლებას და კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს.

სამწუხაროდ, საქართველოში კოჰაბიტაცია მხოლოდ იდეა იყო და სინამდვილეში მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელშიც ადგილობრივ მმართველობას იარაღად იყენებენ. ეს ქვეყნის წინაშე მდგარ გეგმებს დიდად აზარალებს. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, რღვევები მართლაც იყოს. სხვათა შორის, თუ ხალხმა დაინახა, რომ საბოტაჟს აწყობენ, სწორედაც ზეწოლას მოახდენს ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რათა ის პირები შეიცვალონ, რომლებიც დაბრკოლებებს ქმნიან.

- რაკი თვითმმართველობაზე ჩამოვარდა სიტყვა, გიგი უგულავას ინიციატივაც გავიხსენოთ. კერძოდ, ის, რომ თბილისი ათ რაიონად დაიყოფა. ექსპერტების ვერსიით, დამატებითი ადმინისტრაციების შექმნა იმ გეგმის გაგრძელებაა, რომელიც უმუშევრად დარჩენილი " ნაციონალების " დასაქმებას ითვალისწინებს.

- რა თქმა უნდა, ეს გეგმა მიზნად უმუშევრად დარჩენილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასაქმებას ისახავს. ალბათ, სახელმწიფო უწყებებიდან დათხოვნილებით დაკომპლექტდება იმ ხუთი რაიონის ადმინისტრაცია, რომლებიც თბილისს შეემატება. დედაქალაქის ადმინისტრაციულ დაყოფაში შეიძლება ცვლილებების შეტანა და მეტისმეტად დიდი რაიონების ორად გაყოფა, მაგრამ ამის უცბად გაკეთება და ხუთის მაგივრად სასწრაფოდ ათი რაიონის შექმნა, მერის პოლიტიკურ მიზანს ავლენს.