3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
1920x1080-white-solid-color-background
რუსული ინტრიგა
1920x1080-white-solid-color-background
0776cd174c6a8feb115a5ad1770aa06a_xl

მალე ქართული დელეგაცია რუსეთში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრება და რუსეთის მთავარ სანიტართან მოლაპარაკებებს გამართავს, მანამდე კი რუსული მედიის ცნობით, მინსკში ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ევდოკიმოვმა ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ ახალი ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დსთ-ში დაბრუნება მხოლოდ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილით უნდა მოხდეს.

"საქართველო დსთ-დან არავის გაურიცხავს, ეს ამ სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელმძღვანელობასთან აღნიშნულ საკითხზე კონტაქტები უკვე დაწყებულია. ევდოკიმოვის შეფასებით, დსთ-ს წევრი არც ერთი ქვეყანა არ იქნება წინააღმდეგი, რომ საქართველო თანამეგობრობაში დაბრუნდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას ქართველი დიპლომატების პასუხი მოჰყვა, სადა ისინი აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, არანაირი კონტაქტი რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ არსებობს და რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

 "მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ არანაირი კონტაქტი რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ არსებობს და არ მიმდინარეობს. ასე რომ, მედიასაშუალეებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი გაცხადებულია და ესაა ქართველი ხალხის არჩევანი – ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას დსთ-სთან დაკავშირებით ღიმილის მომგვრელს და არასერიოზულს უწოდებს.

როგორც პეტრიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ის ორგანიზაციები, რომლის წევრობაც უნდა.

"ეს არის ევროკავშირი და ნატო. ამ პრიორიტეტებს ნამდვილად არ შევიცვლით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

რას ნიშნავს, როდესაც რუსეთის საგარეო უწყება არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, ხოლო საქართველოს მთავრობას თავის მართლება უწევს, ექსპერტები თვლიან, რომ ამას სხვადასხვაგვარი დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მსგავსი ტაქტიკა საგარეო ურთიერთობებში რუსეთისთვის დამახასიათებელია.

როგორც ექსპერტი გოგი ხუციშვილი თვლის, რუსეთი ელოდება, რომ ამ მხრივ მათთვის იმედისმომცემი განცხადება გაკეთდება საქართველოს მხრიდან, "მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით რაიმე წინადადება ან მოლაპარაკება ან შემოთავაზება არ ყოფილა" -აცხადებს ხუციშვილი.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, ასეთი განცხადების გავრცელება რუსეთის მხრიდან ნიშნავს იმას, რომ ორმხრივად რუსეთთან მოლაპარაკებებში დარჩენა ყოველთვის მიგვიყვანს ასეთ ჩიხურ სიტუაციამდე, როდესაც რუსეთი ტყუილს ავრცელებს საქართველოს შესახებ და მერე ჩვენ მოგვიწევს მტკიცება იყო ეს თუ არ იყო.

"რუსეთი არ არის სანდო მოლაპარაკებების პროცესში და მთავარი ჩვენი საყრდენი ამ მოლაპარაკებებში უნდა იყვნენ ნეიტრალური საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც არ მისცემენ რუსეთს ასეთი დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებას. ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც უნდა გამოვიტანოთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან",- აცხადებს ხოშტარია.

მისივე შეფასებით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს მთავრობისთვის, რომ ყველა იმ პოზიტიური ჟესტის შემდეგ რაც ჩვენ გავაკეთეთ, რუსეთთან მიმართებაში, სიტუაციის ნორმალიზების თვალსაზრისით და ასეთ ვითარებაში რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს, როგორც ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, გავაკეთოთ ბევრად უფრო მკაცრი განცხადება.

"უნდა მოვითხოვოთ განმარტებები, რატომ ავრცელებს რუსეთი დეზინფორმაციას ჩვენი მთავრობის შესახებ. რომ ეს იყო ტყუილი, რომელიც სერიოზული ბრალდებაა რუსეთის მხრიდან ჩვენს მთავრობასთან მიმართებაში. იმით შემოფარგვლა, რომ ეს ასე არ იყო, არ არის საკმარისი. თუ საქართველო მოსთხოვს უფრო მკაცრ პასუხს რუსეთს, რუსეთი მიხვდება, რომ ასეთი თამშის წესები ჩვენთვის არის მიუღებელი. თუ არ მოვთხოვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ისევ ასე გაგრძელდება და საბოლოოდ მიგვიყვანს ჩიხამდე, ბევრად სერიოზულ საკითხებთან მიმართებაში",- აცხადებს ელენე ხოშტარია.

რას ნიშნავს რუსეთისთვის საქართველოს დსთ-ს სივრცეში დაბრუნება და რატომ უნდა იყოს იგი საინტერესო საქართველოსთვის, როცა ამ ორგანიზაციის შექმნისთანავე გაკეთდა შეფასებები, რომ ეს იყო თავიდანვე მკვდრადშობილი ორგანიზაცია.

გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ეს იქნებოდა რუსეთისთვის უფრო მეტი გარანტია, რომ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს, ვიქნებით მათთან კონსულტაციისა და კომუნიკაციიას მუდმივ რეჟიმში.

"ამავე დროს ეს უკვე გამოიწვევს იმას, რომ საქართველო შევა რაღაც კავშირებში, რომელიც აერთიანებს დსთ-ს ქვეყნებს. ეს იქნება სამხედრო, ეკონომიკური თუ საბაჟო კავშირები. მათ აქვთ სურვილი, რომ ამ ყველაფერს ასეთი გაგრძელება მოჰყვეს, ეს არის რუსეთის ინტერესი, მათ სურთ რომ ამ მიმართულებით აქტივობა გამოვიჩინოთ, მაგრამ ასეთი აქტივობა საქართველოს მხრიდან არ არის და არც იქნება",- აცხადებს ხუციშვილი.

არის თუ არა ეს გარკვეული ულტიმატუმი იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე დღეში ქართული დელეგაცია რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმთან, გენადი ონიშჩენკოსთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით, ძნელი სათქმელია. თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუსეთის მხრიდან დსთ-სთან დაკავშირებული განცხადება პირველი არ არის.

გოგი ხუციშვილი თვლის, რომ ეს არა ულტიმატუმი, არამედ სიტუაციის მოსინჯვაა.

"თანაც უნდა გავითვალისწონოთ ისიც, რომ საქართველო დღესაც არის 20-მდე კავშირის წევრი, რომელიც არსებობს დსთ-ს ქვეყნების ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ანგარიშს ვუწევთ ამ ქვეყნებს, მაგრამ დსთ-ში დაბრუნება ან "ოდკბ"-ში (თავდაცვითი კავშირი) ან რაიმე სხვა კავშირში შესვლა, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროში მოგვაქცევს, არ მგონია, რომ იყოს მოლაპარაკების საგანი",- აცხადებს გოგი ხუციშვილი.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს ეს არის ნაცადი რუსული ხერხი, როდესაც არის ერთი კეთილი, მეორე მკაცრი ბიძია.

"არიან კიდევ უფრო მკაცრი ბიძიები, რომლებისთვისაც საქართველო არის თბილისის გუბერნია. ნუ დავივიწყებთ ძალიან ახლო წარსულს, როდესაც რუსეთი ყველა ამ ხრიკს იყენებდა საქართველოსთან მიმართებაში და ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ გავაგრძერლოთ დასავლური ინტეგრაცია, მივმართოთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომლებთანაც გვაქვს ბერკეტი და ინსტიტუციონალური ფორმატი რუსეთთან მოლაპარკების. მთავარი აქცენტი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში უნდა გავაკეთოთ დასავლეთზე და არა რუსეთთან ერთად მინებით სავსე ბნელ ოთახში შევიდეთ",- აცხადებს ხოშტარია.

ელენე ხოშტარია თვლის, რომ რუსეთის ფუნდამენტური ინტერესია საქართველო საკუთარ ორბიტაში შეიყვანოს და თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ ეს იცოდა, როდესაც იწყებდა რუსეთთან ურთიერთობას.

"ეს კონკრეტული განცხადება შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არის გარკვეული ზონდაჟის ტესტირება, საქართველოში რა რეაქცია მოჰყვება მსგავსი ტიპის განცხადებას. ეს შეიძლება იყოს რაღაც ტიპის გზავნილი მთავრობასთან, რომ მოლაპარაკებების პროცესის ფორსირებას და თამაშის წესებს გვთავაზობს რუსეთი და არა ჩვენ. ამას შეიძლება ბევრი ტაქტიკური დატვირთვა ჰქონდეს რუსეთისთვის, მაგრამ მთავარია, როგორ რეგირებას მოახდენს საქართველო. მიიღებს თუ არა ამ თამაშის წესებს. მე ვფიქრობ, რომ ის რეაქცია რაც გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, არასაკმარისია და შეიძლება, რუსეთის მხრიდან აღქმული იყოს როგორც ამ თამაშის წესების მიღება",- აცხადებს ხოშტარია.

მისივე შეფასებით საქართველოს პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რაც დიპლომატიის ენაზე შეშფოთების ხარისხს აწევდა. ასევე უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ფაქტის უარყოფა, არამედ განმარტების მოთხოვნა, ან უკმაყოფილების გამოხატვა, რატომ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  დეზინფორმაცია.

გამოიწვევდა თუ არა უფრო მკაცრი განცხადება და განმარტებების მოთხოვნა ურთიერთობის პირდაპირ ჩიხში მოქცევას, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ჩიხში ურთიერთობა ჩვენი განცხადების საფუძველზე კი არა, რუსეთი ასეთ განცხადებას რომ ავრცელებს, მაშინ შედის.

"ახლა ხომ არ დაგვიწყია რუსეთთან ურთიერთობა, 90-იან წლებში რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ შუამავალი არ გვყავდა, რასაც უნდოდა, იმას იტყოდა და მერე ჩვენ გვიწევდა საერთაშორისო ფორუმებზე იმის მტკიცება, ეს ასეა თუ არა. ეს არის სტილი რუსეთის დიპლომატიის წარმოების, ამიტომ ჩიხს ჩვენ კი არ ვიწვევთ ასეთი განცხადებით, არამედ პრინციპულობას ვუსვამთ ხაზს. ჩიხს რუსეთი ქმნის, მისი ინტერესია არა სიტუაციის ნორმალიზება, არამედ საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება. თუ არ გავაგზავნით მესიჯს, რომ არც ასეთი თამაშის წესებია მისაღები და არც ტყუილებზე აგებული მოლაპარაკებები, შეიძლება უარეს ჩიხში აღმოვჩნდეთ", - მიიჩნევს ხოშტარია.

საქართველომ რუსეთთან მიმართებაში პრინციპულობის გამოვლენაც არაერთხელ სცადა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამან სიტუაციის ნორმალიზებამდე მიგვიყვანა. მეორე მხრივ, ეს განცხადება შესაძლოა წყალსაც ასხამდეს "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე, როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი რუსული მიმართულებით იცვლება. თუმცა, გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ოფიციალური პირებისგან მსგავსი ფაქტის დადასტურება არ არის, ეს დარჩება მხოლოდ სურვილად რუსეთის მხრიდან და როდესაც ყოფილი ხელისუფლება ამგვარ განცხადებებს აკეთებს, დამამტკიცებელი საბუთიც უნდა მოიყვანონ, კონკრეტულად რა ნაბიჯი გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ და რა მოქმედებებით შეცვალა საგარეო ვექტორი.

 

 

 

 

 

 

გამოქვეყნდა: www.for.ge