3e883cee-80c7-4c01-82fe-dd7763d1cf52
cooltext209862574333554
cooltext165709977650164
1920x1080-white-solid-color-background
1920x1080-white-solid-color-background
d7e3ca5cbffab97634af0e92f7679a11_xl

რუსეთი-საქართველო: ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები

თქვენ წინაშეა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ სტამბულის პროცესის ფარგლებში გამოცემული მორიგი პუბლიკაცია. სტამბულის პროცესის ფუძემდებელი და განმახორციელებელი ცხოვრების უკანასკნელ დღეებამდე პროფესორი გიორგი ხუციშვილი გახლდათ. პირველი წიგნი, სახელწოდებით "რუსეთი–საქართველო: კრიზისიდან გამოსვლის გზები", 2010 წელს გამოვიდა, ხოლო მომდევნო ორი გამოცემა – სამუშაო რვეული საქართველო–რუსეთის ურთიერთობების განვითარების ახალ გზებზე და წინამდებარე ანალიტიკურ სტატიათა კრებული, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოსთან თანამშრომლობით – შესაბამისად, 2014 წლის მარტში და სექტემბერში გამოქვეყნდა.   "სტამბულის პროცესის" სახელით ცნობილი საქართველო-რუსეთის საექსპერტო დიალოგი ინიცირებულია ICCN-ის მიერ 2008 წლის ნოემბერში, შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილების გლობალური პარტნიორობის (GPPAC) საერთაშორისო ქსელის თანადგომით და ფინანსური მხარდაჭერით და გახლავთ უპრეცედენტო თავისი ხანგრძლივობის თვალსაზრისით.   2008 წლიდან დღემდე ჩატარდა თოთხმეტი საექსპერტო შეხვედრა, რომელშიც ორივე მხრიდან მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათამდე ცნობილმა ექსპერტმა. შეხვედრების თემატიკა მოიცავდა საკითხთა ფართო სპექტრს: უსაფრთხოება, ეკონომიკა, კულტურა, ისტორია და ცივილიზაციური ურთიერთობები,   "სტამბულის პროცესის" ერთ-ერთი მთავარი მიღწევა პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა ჩართულობაა. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოში 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რის შედეგადაც "სტამბულის პროცესის" რამდენიმე მონაწილემ წამყვანი თანამდებობა დაიკავა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დაარსება და ამ თანამდებობაზე "სტამბულის პროცესის" მონაწილის, ცნობილი ქართველი ექსპერტის და საქართველოს ყოფილი ელჩის რუსეთის ფედერაციაში, ზურაბ აბაშიძის დანიშვნა. სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა ჩართულობამ განსაკუთრებული წონა შესძინა როგორც თავად პროცესს, ისე მიღებულ რეკომენდაციებს, ვინაიდან საექსპერტო დიალოგის საბოლოო მიზანს გადაწყვეტილების მიმღებთათვის საექსპერტო აზრის მიწოდება წარმოადგენს.   2013 წ. პროფესორ გიორგი ხუციშვილის ინიციატივით და შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ICCN -ის ახალი "საქართველო-რუსეთის დიალოგის ხელშეწყობის" პროგრამა, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა და განვითარება. "სტამბულის პროცესის" საექსპერტო დიალოგი არის ამ პროგრამის ძირითადი მიმართულება. ახალი პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის ფორმატში ICCN-ის პარტნიორი გახდა რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭო (РСМД).   ამ ორი ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგი წარმოდგენილი პუბლიკაციის გარდა, 2014 წლის აპრილში გამოცემული ერთობლივი სამუშაო რვეულია, სახელწოდებით: "რუსულ-ქართული ურთიერთობები: განვითარების ახალი გზების ძიებაში". ამ ნამუშევრის პრეზენტაცია გაიმართა მოსკოვში 2014 წლის აპრილში საქართველოს და რუსეთის საექსპერტო წრეების, პრესისა და დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ახალი პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოსთან (РСМД) თანამშრომლობით, შედგა ოთხი საექსპერტო შეხვედრა "სტამბულის პროცესის" ფორმატში. ამ შეხვედრების შედეგია ანალიტიკურ სტატიათა კრებული, რომელსაც სიამოვნებით ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს. -