- 1 დეკემბერი 2024
- გაზიარება:
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი შემდგომ ნაბიჯებზე
1 დეკემბერი, 2024 წელი,
საქართველოს პრეზიდენტი,
ათონელის რეზიდენცია, თბილისი, საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა, მ.ა. სალომე ზურაბიშვილმა, პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შედგა ეროვნული თანხმობა, რაც, პირველ რიგში არის ნიშანი იმისა, რომ „ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ და მივდივართ ევროპისკენ“, რაც მისი სიტყვებით, იყო კიდეც ყველას გაცხადებული მიზანი და, თუ ვინმემ ამ მიზანს არ გადაუხვია, ეს სწორედ საზოგადოება იყო.
"...ეს არის კიდევ ერთი დასტური რომ ამ ქვეყნაში ნამდვილად შედგა აქაც შედგა ამ სასახლეში ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საითკენ მივდივართ და საითკენ არ მივდივართ და ეს თანხმობა არის პირველ რიგში იმის ირგვლივ, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი გამოცხადებული ყველასი მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებამ, თავის მთლიანობაში, არ გადაუხვია და რჩება ერთგული ამ მიზნის.
ჩვენ განვიხილეთ ასევე ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი პროცესი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისგან, დამოუკიდებელი რამე ორგანიზაციისგან, თვითორგანიზებული და სპონტანური, რაც ძალიან კარგად ჩანს იმაში, რომ პრაქტიკულად, დღეს არ არის ქალაქი საქართველოში, რომელიც არ არის ჩართული ამ პროტესტში და ძალიან სპონტანურად. მოიცავს ყველა თაობას და ყველა პროფესიას, ყველა სოციალურ სფეროს. ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის, თავისი სპონტანურობით და თავისუფლებით, თვითორგანიზებით, არ სჭირდება, და ამაზე შევთანხმდით ყველა, არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, ცხადია, მაგრამ, სჭირდება მხარდაჭერა და სჭირდება დაცვა".
ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს ქუჩაში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტს სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა, რაც გულისხმობს აქციებზე დაკავებული ადამიანების სამართლებრივ დაცვას და ასევე, სამომავლოდ, საზოგადოებრივი ფონდის შექმნას, რომლის დახმარებითაც დაიფარება დემონსტრანტების ჯარიმები.
„ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან“, - საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს სიფრთხილისკენ და ამბობს, რომ მათ შორის, შესაძლოა, იყვნენ სუს-ის წარმომადგენლებიც. საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ტყუილია გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები ემზადებიან ამ პროცესში ჩართვისთვის: „ესეც არის ამ პროტესტის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია“.
რაც შეეხება ერთობლივ გეგმას, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა ყველას ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსკენ, რომელიც, ამ დრომდე არ ნიშნავს სხდომას პრეზიდენტის სარჩელის განსახილველად. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს.
„ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქით, რომ დაინიშნოს სხდომა - სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში“. - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და შენიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური საშუალება, რომ გადაწყვიტონ ქვეყანაში არსებული „ძალიან ღრმა კრიზისი“.
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავარ მოთხოვნად და მიზნად რჩება ხელახალი არჩევნების ჩატარება და მისი სიტყვებით, მხოლოდ ეს გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს.