საქართველო და ერთა ლიგა - 100 წლისთავი
1920 წლის 10 იანვარს მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია მშვიდობის შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე (1919-1920), რომელითაც I მსოფლიო ომი (1914-1918) დასრულდა, საფუძველი ჩაეყარა ერთა ლიგის შექმნას.
ერთა ლიგის მიზანს, წესდების მიხედვით, კონფლიქტების და ომების მშვიდობიანი გზით მოგვარება წარმოადგენდა, რაც ითვალისწინებდა მოლაპარაკებების და არბიტრაჟის გამოყენებას.
ერთა ლიგის წესდების პირველ ნაწილს 1919 წლის 28 ივნისს ვერსალის შეთანხმების ფარგლებში მოეწერა ხელი, რომელიც მის მეორე ნაწილთან ერთად ამოქმედდა 1920 წლის 10 იანვარს, როდესაც წესდებს მეორე ნაწილს მოეწერა ხელი.
ერთა ლიგის საბჭოს პირველი შეხვედრა 1920 წლის 16 იანვარს გაიმართა. 1920 წლის 15 ნოემბერს ერთა ლიგის პირველი ასამბლეა შეიკრიბა. დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სახელმწიფოთა, მათ შორის, საქართველოს, ერთა ლიგაში გაერთიანება იყო.
საქართველოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ვაქვეყნებთ დოკუმენტებს, რომლებიც მოპოვებულია The Total Digital Access to the League of Nations Archives Project -ის ვებვერდიდან. პროექტი განხორციელდა გაერო-ს არქივებში შვეიცარიის კერძო ფონდის ხელშეწყობით.
1920 წელი, 13 აგვისტო - საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში - დოქტორი ფონ ჰამელი გადასცემს განცხადების პროექტს, რომელიც მომზადდა იურიდიულ განყოფილებაში საქართველოს ერთა ლიგაში მიღებასთან დაკავშირებით.
1920 წელი, 1 სექტემბერი - საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში - საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდენტი - ოფიციალური მოთხოვნა დაშვების შესახებ.
1920 წელი, 18 სექტემბერი - საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში - საქართველოს დელეგაციის პრეზიდენტი ლონდონში გადასცემს მემორანდუმს ხუთი დანართით, რომელიც ეხება საქართველოს მიღებას, საბჭოსა და ასამბლეასთვის წარსადგენად.
1920 წელი, 24 სექტემბერი - საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში - საქართველოს დელეგაცია ლონდონში - გადასცემს დოკუმენტების ასლებს, რომლითაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობებმა ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა; აგრეთვე საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების ამონაწერი და სამშვიდობო კონფერენციაზე წარდგენილი მემორანდუმი.
1920 წელი, 16 ოქტომბერი - საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში - საქართველოს დელეგაცია, ლონდონი - აცნობებს დელეგატების სახელებს, რომლებიც დაესწრებიან ასამბლეას ზეპირი ინფორმაციის გასაცნობად საქართველოს ერთა ლიგაში მიღების შესახებ: ბ-ნი გეგეჩკორი, ბ-ნი ავალოვი.
1920 წელი, 20 ნოემბერი - საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში - გენერალური მდივანი - მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის ლიგაში მიღების შესახებ განცხადებაზე.
1920 წელი, 14 დეკემბერი - საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში - კომიტეტი #5, ლიგის ასამბლეა - კომიტეტი #5-ის მიერ ასამბლეაზე წარდგენილი მოხსენება, რომელშიც შეჯამებულია საქართველოს ისტორია და მის ერთა ლიგაში გაწევრიანების განცხადება. რეკომენდაციას აძლევს ასამბლეას საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საქართველოს ერთა ლიგაში მიღების საკითხის თაობაზე.
- 1920.12.14_committee_no._5_summarising_the_history_and_application_of_georgia.pdf
- 1920_december_14_admission_of_new_members__georgia.pdf
1920 წელი, დეკემბერი - საქართველოს მიღების საკითხი ერთა ლიგაში - სამდივნო - ასამბლეის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო არ მიიღეს ერთა ლიგაში. დოკუმენტში მოტანილია შემდეგი ინფორმაცია: 14 სახელმწიფო, რომლთაც ხმა მისცეს საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ, 10 სახელმწიფო, რომლებმაც ხმა მისცეს საქართველოს ერთა ლიგაში მიღებას. 18-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.
გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:
ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ.). (2019). საქართველოს კონფლიქტების მოგვარების ინიციატივებისა და კონცეფციების არქივი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი /თვე, თარიღი, წელი/ https://iccn.ge/index.php?article_id=369&clang=0