კონფლიქტების პრევენციის ინსტრუმენტების ეფექტიანობა და მდგრადი განვითარების მიზნები სამხრეთ კავკასიაში
წარმოდგენილი დოკუმენტები მომზადდა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის - Global Partnership for the Prevention of Armed Conflict (GPPAC) (www.gppac.net ) 2019-2020 წლის კავკასიური პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს GPPAC-ის რეგიონული წარმომადგენლის კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN). პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში კონფლიქტების პრევენციას და ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის აქტიურ ჩართულობას.
დოკუმენტები ემყარება საქართველოსა და სომხეთში სახელმწიფო პოლიტიკასა და ნორმატიულ აქტებში კონფლიქტის პრევენციის ინსტრუმენტების არსებობაზე ჩატარებულ მონიტორინგს და სამაგიდო კვლევებს. დოკუმენტებში გაანალიზებულია ძალადობრივი კონფლიქტისა და კონფლიქტოგენური სიტუაციების პრევენციის ინსტრუმენტების ეფექტიანობა შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტებში.
კვლევებმა გამოავლინა, რომ ორ ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და კონფლიქტის პრევენციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების განსხვავებული სპეციფიკის მიუხედავად, კონფლიქტის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული არაერთი სტრუქტურული პრობლემა საერთოა. ასევე, მოსაზრებათა საკმაო თანხვედრაა გამოვლენილი პრობლემების დაძლევის გზებსა და საშუალებებზე.
სადღეისოდ, საქართველოსა და სომხეთს, მართალია, განსხვავებული ხარისხით, მაგრამ არასაკმარისად აქვთ ან გარკვეულ სფეროებში არ გააჩნიათ სახელმწიფო დონეზე კონფლიქტების პირდაპირი და სტრატეგიული პრევენციის განვითარებული და დახვეწილი ინსტრუმენტები. ორივე სახელმწიფოში არსებობს კონფლიქტების პრევენციის მიმართ სტრუქტურირებული მიდგომის დეფიციტი. სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არასაკმარისო ყურადღება ექცევა შესაბამისი ინსტიტუციების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, კონფლიქტების ადრეული პრევენციის სიგნალებს და სუსტია მათზე ოპერატიული რეაგირება და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. უკეთესის სურვილს ტოვებს, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლის სისტემა და კოორდინაციის ხარისხი.
შიდა და გარე კონფლიქტების პრევენციის საკითხები, მართალია, სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ ჯერ კიდევ არასაკმარისად ჰპოვებს ასახვას საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო აქტებში, სახელმწიფო სტრატეგიებსა თუ პროგრამებში, ისევე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებების პრაქტიკულ საქმიანობაში.
კვლევასა და მონიტორინგში ჩართული საქართველოს და სომხეთის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის პრევენციის საკითხები ცალკე ბლოკად უნდა იყოს გამოყოფილი ორივე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებსა და კონცეფციებში. გამართლებულად არის მიჩნეული კონფლიქტების პრევენციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და სავალდებულო ხასიათის მიცემა დოკუმენტისათვის, რომელშიც მკაფიოდ იქნება გაწერილი კონკრეტული ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია და ფუნქციები, ისევე როგორც მონიტორინგის, კონტროლისა და შეფასების მექანიზმები.
კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ სამშვიდობო საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წლობით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის პრევენციის ეფექტიანად განხორციელების საქმეში.
კონფლიქტების პრევენციის ინსტრუმენტების ეფექტიანობა და მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოში, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN); (ქართული)
საქართველოში კონფლიქტების პრევენციის ინსტრუმენტებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ, ანა დვალი, პროგრამის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი; (ქართული)
Вопросы превенции конфликтов/эскалации конфликтов в практике государственных структур Республики Армения, Армянским Национальным Комитетом Хельсинкской Гражданской Ассамблеи; (რუსული)
Выполнение Задачи № 16 Повестки ООН по Устойчивому Развитию до 2030 в контексте внешних и внутренних вызовов Армении, Наталия Мартиросян, эксперт; Армен Оганян, эксперт, HCA-Armenia. Армянским Национальным Комитетом Хельсинкской Гражданской Ассамблеи; (რუსული)