საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 2008 წლის სხდომათა მასალები - ცენტრის განცხადება
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის განცხადება:
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებული მოსახლეობისათვის, ამ ტრაგიკული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენის შესახებ, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება აუცილებელი და სავალედებულოა.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის (ე.წ. პაატა დავითაიას კომისია) მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული მასალა დღემდე გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ვერსიით კიბერშეტევის შედეგად) წაიშალა, ფართო საზოგადოებას და, ასევე, დაინტერესებულ მხარეებს აღარ აქვთ თავისუფალი წვდომა ამ ისტორიულად, სამართლებრივად და პოლიტიკურად უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებსა და დოკუმენტურ (ციფრულ) მასალაზე.
2008 წელს, როდესაც დავითაიას კომისიის სხდომების ოქმების სტენოგრამული მასალა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე აიტვირთა, იმ მომენტიდან ინახება ჩვენი ორგანიზაციის არქივში.
დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები (GID), ბევრი საუბარია ამ ფორმატის ეფექტიანობაზე, მის შესაძლო ცვლილებაზე, მოლაპარაკებების ახალი ფორმატების შექმნაზე, როდესაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ მიმდინარეობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიება, თითქმის მუდმივად გრძელდება დისკუსია, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ.
შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვეხმაუროთ საზოგადოების მაღალ ინტერესს და გამოვაქვეყნოთ კომისიის სხდომათა ოქმების სტენოგრამები (პირვანდელი სახით, როგორც გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტმა თავის ვებ-გვერდზე 2008 წელს) და ეს მასალა ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 2008 წლის სხდომათა სტენოგრამები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს ვებგვერდზე და/ან ორგანიზაციაზე ამ მასალის გამოქვეყნების გამო არ განხორციელდება რაიმე ტიპის შეტევა(!)